ფეხბურთი

0:04 | 31.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვენტურა: "4 წლის წინ ჩამქოლეს, განზეც გავდექი, მაგრამ ახლა გამოჩნდა, რომ პრობლემა სისტემურია"

იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ განაცხადა, რომ ზედიზედ ორჯერ მუნდიალს მიღმა დარჩენა იტალიური ფეხბურთის სისტემურ პრობლემაზე მიანიშნებს და დამნაშავეები მხოლოდ მწვრთნელები არ არიან.

„ოთხ წელზე მეტია ჩემს ტკივილს ვატარებ და ეს ტკივილი ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხით ისეთივე მძაფრი გახდა, როგორც 4 წლის წინ იყო. მთელი ამ ხნის განმავლობაში ბევრი ვიფიქრე და ცოტას ვლაპარაკობდი. 4 წლის წინ ჩამქოლეს, მე გავხდი „შავკანიანი“, ფეხბურთის უბრალოდ მასწავლებელი, მწვრთნელი, რომელიც შვედეთთან მარცხის შემდეგ არ გადადგა, რადგან ხელფასზე უარი ვერ თქვა და ა.შ. მე ყოველთვის ვაღიარებდი ჩემს დანაშაულს ამ წაგებაში, მაგრამ სხვაც იყო პასუხისმგებელი. დამნაშავე ერთზე მეტია, ეს არ არის გუნდის დამარცხება, არამედ სისტემური პრობლემაა.

ვფიქრობ, ეს არის იგივე სისტემა, რაც 4 წლის წინ იყო, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებამ მხოლოდ შენიღბა. ძველი სისტემა, რომელმაც მიგვიყვანა 2010 და 2014 წლებში მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფში ჩარჩენასთან. იფიქრეთ ამ წაგებებზე, რომლებიც თითქოს დაუმსახურებლად და მოულოდნელად მოდის, მაგრამ უფრო ღრმა ფესვები აქვს. ტოპ კლუბებს აღარ აქვთ საერთაშორისო გამოცდილება და აკადემიებში უფრო მეტი უცხოელი ბავშვია, ვიდრე იტალიელები. ეს პრობლემები 4 წლის წინაც იყო და სამწუხაროდ, ჩემმა დამარცხებამ არაფერი შეცვალა. ოთხი წლის წინ ყველასთვის ყველაფერი მხოლოდ ჩემი ბრალი და იყო ამიტომაც, განზე გავდექი. თუმცა, დღეს ყველასთვის ცხადია, რომ სისტემის ბრალია. როგორც იტალიელი და იტალიის ნაკრების გულშემატკივარი, ბედნიერი ვარ, რომ მანჩინი რჩება, მაგრამ ახლა სისტემა უნდა შეიცვალოს“, - თქვა ვენტურამ.

შეგახსენებთ, ჯამპიერო ვენტურამ იტალიის ნაკრები 2016 წელს ჩაიბარა, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში ესპანეთს ჩამორჩა და პლეი-ოფში გადაინაცვლა, სადაც შვედეთთან წააგო და მუნდიალზე ვერ გავიდა. ის რობერტო მანჩინიმ შეცვალა, რომელმაც იტალიას 53-წლიანი პაუზის შემდეგ ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში მანჩინის იტალიამ ვენტურას იტალიაზე გაცილებით სუსტი მეტოქეების, შვეიცარიისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ბარიერი ვერ დაძლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.158565