ფეხბურთი

21:59 | 24.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბოსნიის ნაკრების მწვრთნელი: "საქართველო გუნდურად კარგად თამაშობს და ინდივიდუალურადაც ძლიერია"

ბოსნიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივაილო პეტევმა საქართველოს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ბულგარელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ საქართველოს გუნდურად კარგად თამაში შეუძლია, ინდივიდუალურად კი ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს.

„ფეხბურთელების გარკვეულ რაოდენობას გამოვიყენებთ, მაგრამ 17-ზე მეტს ვერ, რადგან 6 ცვლილების უფლება გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური მატჩია. ორივე თამაშისთვის სერიოზულად ვემზადებით და ხვალ მოგებას ვაპირებთ. სათამაშო სისტემა იგივე იქნება, არ მგონია, შევცვალოთ. მთავარია, შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ და უკეთესები გავხდეთ. აღფრთოვანებული ვარ შეკრებაზე არსებული პირობებით, ბიჭებითაც კმაყოფილი ვარ. არ ვიცი, მომავალში რა იქნება, მაგრამ რაც ახლა გვაქვს, ყველაფერი მშვენიერია.

სახლში ვთამაშობთ და ეს უნდა გამოვიყენოთ. ისინი გუნდურად კარგად თამაშობენ და ძალიან კარგი ინდივიდუალური ფეხბურთელები ჰყავთ. თუმცა, მირჩევნია ჩვენს თამაშზე ვიფიქრო. კარგი თამაშით ეროვნული ნაკრების მიმართ ინტერესი უნდა დავაბრუნოთ, ეს ერთადერთი გზაა. თამაში ფურცელზე არ არსებობს, მინდორზე ვთამაშობთ. სენეგალის ნაკრებს კომორის კუნძულებთან ფურცელზე 40:0 უნდა მოეგო, მაგრამ საბოლოოდ, მხოლოდ 1:0 მოიგო. პროფესიონალურად უნდა ვიმუშაოთ და სიურპრიზები არ დავუშვათ“, - თქვა პეტევმა.

პრესკონფერენციაზე იყო ფრანგული „ბორდოს“ 22 წლის მცველი ანელ აჰმედჰოჯიჩი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 12 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. მან განაცხადა, რომ საქართველო კარგი გუნდია, მაგრამ ბოსნია უკეთესი და გამარჯვება შეუძლიათ.

„მათ ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავთ და რთული იქნება. არაფრისგან შეუძლიათ მომენტის შექმნა, ანალიზი გავაკეთეთ და ნამდვილად კარგი გუნდია. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენ უკეთესები ვართ და მათი დამარცხება შეგვიძლია. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი, საქართველოსა და ლუქსემბურგთან თამაში არის კარგი გარემოს აღდგენის შანსი. თუ კარგად ვითამაშებთ და მოგებას დავიწყებთ, პოზიტიური ატმოსფერო დაბრუნება და შეგვიძლია კარგი საქმეების გაკეთება“, - თქვა აჰმედჰოჯიჩმა.

შეგახსენებთ, საქართველო და ბოსნია აქამდე არასდროს შეხვედრიან. ხვალინდელი მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება. საქართველოს ნაკრებს ბოლო სამი მატჩი მოგებული აქვს, ხოლო ბოსნიას პირიქით - წაგებული.

0.126366