კალათბურთი

10:53 | 19.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძემ NBA-ში კარიერის რეკორდი დაამყარა და მატჩის MVP გახდა (+VIDEO)

გოგა ბითაძემ NBA-ში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა. ქართველმა ცენტრმა მსოფლიოს უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში პირადი რეკორდი დაამყარა. 22 წლის კალათბურთელმა, “ჰიუსტონის” წინააღმდეგ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 26 წუთში 23 ქულა ჩააგდო! ჩვენებური მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა და თავის გუნდს სტუმრად დაძაბული მატჩი მოაგებინა – 121:118.

გეტყვით, რომ ყველა ის მატჩი, რომელშიც ბითაძემ ამ სეზონში შედეგიანად ითამაშა, ინდიანაპოლისელებმა წააგეს, თუმცა ახლა სხვაგვარი შედეგი დადგა.

აქამდე გოგას საუკეთესო შედეგი 20 ქულა იყო, რომელიც მან 7 მარტს, “ვაშინგტონთან” 123:133 წაგებულ შეხვედრაში ჩააგდო. მაშინ მან თამაშიდან ნასროლი 7-ივე სროლა ჩააგდო. ქართველმა ცენტრმა დღეს, გამთენიისას, 23 ქულა ისე მოაგროვა, რომ თამაშიდან კვლავ არც ერთი ნატყორცნი არ გაუცუდებია: ბითაძემ 6-დან 6 ორქულიანი და 3-დან 3 სამიანი ჩააგდო, რასაც 4-დან 2 ზუსტი საჯარიმოც მოაყოლა და პირადი რეკორდი – 23 ქულაც გამოჭედა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ნელ-ნელა მიიწევს NBA-ს ქართული რეკორდისკენ, რომელიც ზაზა ფაჩულიას ეკუთვნის - 27 ქულა.

“ბითაძეს დიდებული თამაში ჰქონდა. ძალიან ბევრი სიზუსტე იყო მის მხრიდან ფარის სიახლოვეს. სასიამოვნოა, როდესაც მას ასე კარგ ფორმაში ვხედავ. მე მართლა ძალიან გახარებული ვარ მისი შედეგიანობით. ბითაძემ დიდებულად ითამაშა მოედნის ორივე მხარეს", - განაცხადა "ინდიანას" მთავარმა მწვრთნელმა, რიკ კარლაილმა.

23 ქულასთან ერთად ბითაძეს 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა, 1 დაფარება და ერთადერთი დაკარგვა ჰქონდა. გოგას ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა. მასზე შედეგიანი კი "პეისერსიდან" მხოლოდ ერთი კალათბურთელი - მალკოლმ ბროგდონი იყო, რომელმაც 25 ქულა დააგროვა, თუმცა, საერთო სარგებლიანობისა და ჯამური სტატისტიკის გათვალისწინებით “ინდიანას” მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ქართველი ცენტრი დაასახელეს.

გეტყვით, რომ "პეისერსის" გამარჯვებაში ჩვენებურმა ძალიან დიდი როლი შეიტანა. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი პერიოდი ჰიუსტონმა 32:28 მოიგო. თუმცა, შესვენებაზე რიკ კარლაილის გუნდი 5-ქულიანი ფორით გავიდა, რადგან მეორე მეოთხედში ქართველის გუნდმა 33:24 იმარჯვა. მესამეში 12-წუთეულში მასპინძლები დაწინაურდნენ და დასკვნითი პერიოდის წინ 12-ქულიან უპირატესობასაც ფლობდნენ. ყველაფერი მატჩის დასრულებამდე 1:06 წუთით ადრე შეიცვალა. გოგამ ზედიზედ 2-ჯერ გაიბრწყონა - ჯერ ჩატენა და ანგარიში გაათანაბრა (115:115), შემდეგ კი ბურთი მოხსნა, ჩააგდო და თავისი გუნდი წინაც გაიყვანა - 117:115. ასე, რომ არა მხოლოდ სტატისტიკური მონაცემებით, არამედ მატჩის გადამწყვეტი მომენტის დაგვირგვინებისთვის ბითაძეს ლომის წვლილი მიუძღვის.

24 მოგებითა და 47 მარცხით "პეისერსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და პლეი ოფში გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს. მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 20 მარტს, “პოტლენდთან” შინ გამართავს.

0.113606