ფეხბურთი

13:56 | 18.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"სერენის" მწვრთნელი: "მიქაუტაძემ ასე უნდა გააგრძელოს და გოლებს ისევ გაიტანს"
მიქაუტაძე: "მართალია, შარშანდელივით შედეგიანი არ ვარ, მაგრამ გუნდს დაცვაშიც ვეხმარები"

„სერენის“ ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ თავის მშრალ სერიაზე ისაუბრა, რადგან თითქმის ორი თვეა მეტოქის კარში გოლი არ გაუტანია. 21 წლის შემტევი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ სულ მალე ძველებურად შედეგიანად ითამაშებს.

„გუნდისთვის მნიშვნელოვანი ვარ და ყველა ბურთზე ვიბრძვი. დაცვაშიც ვპროგრესირებ და მწვრთნელის მითითებებს. ვინაიდან ძველებურად შედეგიანი არ ვარ, ამბობენ, რომ ეს არ არის შარშანდელი ჟორჟი, რაც ვაღიარებ, ნაწილობრივ სიმართლეა, მაგრამ საგოლე მომენტებიც ნაკლებია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისევ გავიტანო. მიყვარს, როცა თამაშის ბედის გადაწყვეტა გოლით შემიძლია და იმედი მაქვს, ეს ყველაფერი დაბრუნდება. ბოლო დროს ნაკლებად წარმატებული შედეგები გვქონდა და იმედია, „სტანდარდთან“ გამარჯვების შემდეგ იღბალი ჩვენკენ შემობრუნდება“, - თქვა მიქაუტაძემ „ლეუვენთან“ მატჩის წინ.

21 წლის ქართველი ფეხბურთელის შესახებ კომენტარი „სერენის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟან-ლუი გარსიამაც გააკეთა. ფრანგი სპეციალისტი გიორგით კმაყოფილია და დარწმუნებულია, რომ მალე ისევ ძველებურად შედეგიან თამაშს აჩვენებს.

„ჟორჟს „სტანდარდთან“ გოლი არ გაუტანია, მაგრამ უზარმაზარი სამუშაო შეასრულა. გოლები მოვა და გაიტანს იმ პირობით, თუ გუნდის სამსახურში იქნება. მე ვხედავ გულუხვ მოთამაშეს, რომელიც დარბის და პრესინგს თამაშობს. „სტანდარტთან“ ისე მოვიგეთ, რომ მისი გოლი არ დაგვჭირდა, რაც ასევე მნიშვნელოვანია. მან ასე უნდა გააგრძელოს და გოლები დაბრუნდება“, - თქვა გარსიამ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძეს ყველა ტურნირზე 12 გოლი აქვს გატანილი (8 ჩემპიონატში, 4 თასზე), ბოლოს კი თავი 26 იანვარს, „ბეერსხოტთან“ მატჩში გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064271