ინდიან ველსზე წაგების შემდეგ, დანიილ მედვედევმა მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსი დაკარგა, რომლის დაბრუნებასაც მიამის ტურნირზე ეცდება. მოგვიანებით კი არჩევანის გაკეთება მოუწევს - ან უნდა დაგმოს რუსეთის პრეზიდენტის ქმედება უკრაინასთან მიმართებით, ან უარი თქვას უიმბლდონზე თამაშზე.
საქმე ისაა, რომ ბრიტანეთის მთავრობამ, რუს და ბელარუს სპორტსმენებს სწორედ ასეთი მოთხოვნა დაუწესა. სხვა შემთხვევაში, მათ ქვეყანაში ასპარეზობის უფლება არ მიეცემათ. თეორიულად, უიმბლდონამდე უკრაინაში ომი შეიძლება დასრულდეს, მაგრამ მისი შედეგების მიუხედავად, ბრიტანეთის მთავრობა, როგორც ჩანს, ამ მოთხოვნის გაუქმებას არ აპირებს.
სპორტის მინისტრმა ნაიჯელ ჰადლსტონმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებას აწარმოებს უიმბლდონის ორგანიზატორ ოლ ინგლენდ კლაბთან, რისი მიზანიც ისაა, რომ „პუტინის მომხრეებს“ თავის გამოჩენის საშუალება არ მიეცეთ.
ჩოგბურთმა რუსი და ბელარუსი სპორტსმენები უკვე მოკვეთა გუნდური ტურნირებიდან, როგორებიცაა დევისის თასი და ფედერაციის თასი. მაგრამ ჩოგბურთელებს ინდივიდუალურად ასპარეზობის უფლება, ოღონდ თავიანთი ქვეყნის დროშის გარეშე, მაინც აქვთ. თუმცა ბრიტანეთი უფრო მეტი სიმკაცრის გამოჩენას აპირებს.
უკრაინაში რუსეთის მიერ ომის გაჩაღების შემდეგ, მედვედევმა თავის ინსტაგრამის გვერდზე რუსეთის დროშა წაშალა და გამოაქვეყნა ომის შეწყვეტის მოწოდება. მაგრამ უიმბლდონზე სათამაშოდ, ეს საკმარისი ვერ იქნება.
მედვედევზე მკვეთრი განცხადება გააკეთა კიდევ ერთმა რუსმა ჩოგბურთელმა ანდრეი რუბლიოვმა, ვინც ღიად მოუწოდა პუტინს ომის შეწყვეტისკენ. რუს ქალ ჩოგბურთელთა პირველმა ნომერმა, ანასტასია პავლიუჩენკოვამ კი პუტინი გააკრიტიკა. მისი თქმით, ეს ომი მომავალს ართმევს არამხოლოდ ახლანდელ თაობას, არამედ მათ შვილებსაც და უკრაინასაც. მისი თქმით, ვიღაცის პოლიტიკური ამბიციები არ შეიძლება იყოს ძალადობის დაწყების მიზეზი. „შეწყვიტეთ ძალადობა, შეწყვიტეთ ომი!“ - ასეთია პავლიუჩენკოვას მოწოდება.