საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კარგად დაწყებული ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატი კარგადვე დაასრულა და შეჯიბრის დასკვნით დღეს 4 მედალი მოიპოვა.
125 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალს სოლომონ მანაშვილი დაეუფლა. მან ბერძენი აზამატ ხოსონოვი (10:7) და აზერბაიჯანელი აიდინ აჰმადოვი (9:5) დაამარცხა, ხოლო ფინალში უნგრელ მილან კორშოგს 8:1 მოუგო და საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა. უმაღლესი სინჯის გარდა, საქართველოს ნაკრებმა ტურნირის დასკვნით დღეს 3 ბრინჯაოც მოიპოვა.
რამაზ თურმანიძემ (61 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან გადამწყვეტ შეხვედრაში ბულგარელი რაჰან რამისი 10:0 დაამარცხა. იგივე გააკეთა ბაგრატ გაგნიძემ (86 კგ), რომელმაც მედლისთვის ბრძოლაში სომეხ მჰერ მარკოსიანს 7:2 სძლია. ასევე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა დავით კოღუაშვილი 92 კგ წონით კატეგორიაში. ქართველმა მოჭიდავემ ჩრდილოეთ მაკედონიელ რეჯეპ ჰაიდარი 10:0 დაამარცხა.
ამრიგად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 2 ოქროს (გიორგი ელბაქიძე და სოლომონ მანაშვილი), 2 ვერცხლის (გიორგი გეგელაშვილი და ევსემ შველიძე) და 3 ბრინჯაოს მედალი (რამაზ თურმანიძე, ბაგრატ გაგნიძე და დავით კოღუაშვილი) მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ თავისუფალი სტილის ჭიდაობამდე ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გაიმართა და 10 ქართველიდან რვამ მედალი მოიპოვა - 4 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.