ამერიკელი მიკაელა შიფრინისთვის, პეკინის ზამთრის თამაშები წარუმატებელი გამოდგა - ფავორიტის რანგში მოასპარეზემ, ერთი მედლის აღებაც ვერ შეძლო. მაგრამ მსოფლიო თასზე დაბრუნებისთანავე, ისევ სამეულშია. მან შვეიცარიის ლენცერჰაიდეში გამართული სუპერ გიგანტის რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა.
გამარჯვება ფრანგმა რომანე მირადოლიმ მოიპოვა. შიფრინს კი მეორე ადგილიც ეყო იმისთვის, რომ მსოფლიო თასის აბსოლუტურ ჩათვლაში ლიდერი გამხდარიყო. ლენცერჰაიდემდე შიფრინს და სლოვაკ პეტრა ვლჰოვას თანაბარი ქულები ჰქონდათ. ამ სეზონში უკვე 29 რბოლაა გამართული და რვა დარჩენილი. ვლჰოვა ჩქაროსნული რბოლების სპეციალისტი არაა ლენცერჰაიდეში ბევრი ქულის მოპოვებაც არ შეეძლო. მან ის მე-18 ადგილი დაიკავა და აბსოლუტურში ახალ ლიდერს 67 ქულით ჩამორჩა.
სლოვაკი მოთხილამურე ბროლის დიდი გლობუსის ამჯამინდელი მფლობელია, შიფრინს კი ეს საპატიო ჯილდო სამჯერ აქვს მოპოვებული.
მესამე ადგილს დასჯერდა სუპერ გიგანტში ოლიმპიური ჩემპიონი, შვეიცარიელი ლარა გუტ-ბერამი, ვინც გამარჯვებულ ფრანგს 0.88 წამით ჩამორჩა. რბოლა იმდენად რთული გამოდგა, რომ რეიტინგში პირველ ათეულში მყოფ მოთხილამურეთაგან, ფინიშს მხოლოდ ხუთმა მიაღწია.
„გადარეული დღეა. ეს თითქოს საჩუქარია იმ შრომისთვის, რაც აქამდე გამიწევია“, - განაცხადა მირადოლიმ (ფოტოებზე), ვისაც მომდევნო კვირაში 28 წელი შეუსრულდება და ვისაც მსოფლიო თასზე აქამდე საუკეთესო შედეგი, მეხუთე ადგილი ჰქონდა. ისიც, სამი წლის წინათ დაიკავა.
ამ რბოლას კიდევ ერთი გამარჯვებული ჰყავს - იტალიელი ფედერიკა ბრინიონე (2020 წელს ბროლის დიდი გლობუსი მოიპოვა), ვინც მეცხრე ადგილზე კი გავიდა, მაგრამ ამის მიუხედავად, სუპერ გიგანტში ბროლის მცირე გლობუსი მაინც გაინაღდა.
ლენცერჰაიდეს რბოლის შემდეგ, ბრინიონე 100 ქულას უგებს თანაგუნდელ ელენა კურტონის, ვინც ამჯერად რბოლის დასრულება ვერ შეძლო.
სუპერ გიგანტის სეზონის ბოლო რბოლა საფრანგეთის კურშეველში, 17 მარტს გაიმართება.