ფეხბურთი

22:48 | 3.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩეფერინი ომზე, რუსეთის სასჯელზე, სუპერლიგაზე, ანიელისა და ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატზე...

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა სხვადასხვა საკითხებზე ვრცლად ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, რუსეთის საფეხბურთო კავშირის დასჯა და საერთაშორისო ტურნირებიდან გარიცხვა, სწორი გადაწყვეტილება იყო.

გარდა ამისა, სლოვენიელმა ვრცლად ისაუბრა სუპერლიგაზე, რომლის განახლებულ ფორმატს „რეალი“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ სულ მალე წარმოადგენენ.

სუპერლიგა

„სუპერლიგის პროექტი პირველად შუა პანდემიის პერიოდში წარადგინეს, ახლა ომის დროს. ისინი პარალელურ სამყაროში ცხოვრობენ. ამ პროექტს ფეხბურთთან კავშირი არ აქვს, ეს არ არის ფეხბურთი, მაგრამ მაინც ამაზე ვსაუბრობთ. დავიღალე ამ არასაფეხბურთო პროექტით. ჩვენ ვმუშაობთ ამ სიტუაციაში ფეხბურთელების გადასარჩენად, მათ კი პროექტის ხელახალი გაშვება სურთ. შეუძლიათ ნებისმიერი მოისყიდონ, რომ თქვან, ეს კარგი პროექტია, მაგრამ მაინც უაზრო იდეაა. მათთვის ფანები მომხმარებლები არიან, ჩვენთვის კი გულშემატკივრები. საინტერესო ის არის, რომ ისინი უეფას და ECA-ს აკრიტიკებენ, მაგრამ სუპერლიგის პროექტამდე ერთი კვირით ადრე ECA-ს პრეზიდენტი იყო და მან არსებული სისტემა შეაქო. მათ შეუძლიათ თავიანთი შეჯიბრების გაკეთება, არავინ უკრძალავს, მაგრამ თუ სურთ თავიანთ ტურნირში თამაში, ისინი ჩვენს შეჯიბრებებში თამაშს ვერ შეძლებენ. ანიელი არის უზურპატორი, დიქტატორი და ფეხბურთის პუტინი, უსირცხვილო ადამიანი“.

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი და მსოფლიოს ჩემპიონატი ორ წელიწადში ერთხელ

„ახალი ჩემპიონთა ლიგა სუპერლიგის სტილში? არა, სულ სხვა რაღაცაა. ჯერ კიდევ არის გასარკვევი, ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ვინც ამ ორ ტურნირს ადარებს, ის არასერიოზულია. დღეს ჩემპიონთა ლიგაზე 32 გუნდი გვყავს, მაგრამ 36 გვეყოლება. ჯერ უნდა გავიგოთ, როგორ დავამატოთ 4 გუნდი. მეტი ადგილი გამოეყოფა საშუალო და მცირე ლიგებს. სუპერლიგის სიტუაციას არც ფიფასთან დაკავშირებულ ვითარებას შევადარებდი. ფიფასთან ყოველდღე განვიხილავთ სიტუაციას. ორწლიანი მსოფლიოს ჩემპიონატის პროექტი არავის უნდა. ინფანტინოსთან ამ საკითხს განვიხილავთ და სხვა ვარიანტებზეც ვმსჯელობთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გამოსავალს ვიპოვით“.

სირთულეები ბოლო წლებში

„ბოლო ორი წლის განმავლობაში ფეხბურთი და უეფა ისეთი სიტუაციების წინაშე აღმოჩნდნენ, რომელთა დაჯერებაც შეუძლებელია. დაწყებული პანდემიით, ევროპის ჩემპიონატის გადადებით და უეფას დიდი ფინანსური ზარალით, მაგრამ რომ არ გადაგვედო, ევროპის მასშტაბით 2 მილიარდ ევროზე მეტი ზარალი იქნებოდა. პანდემიის დროს ყოველდღე იყო კრიტიკული სიტუაციები, ფეხბურთელების და გულშემატკივრების დაინფიცირებით, რომლებიც სტადიონებზე ვერ შედიოდნენ“.

ომი

„ჯერ იყო 2021 წლის აპრილში სუპერლიგის არცთუ ჭკვიანურ პროექტზე დისკუსიები, მერე ევროპის ჩემპიონატი პანდემიის პერიოდში 11 სხვადასხვა ქვეყანაში. ახლა მსოფლიოს ჩემპიონატის ორწლიანი პროექტი და უკრაინის ომი, ყველაზე საშინელი სიტუაცია, რაც შეიძლება მოხდეს. სხვა რა შეიძლება მოხდეს, ვერ წარმომიდგენია. არავინ ელოდა, რომ ჩვენს დროში ევროპაში ომი დაიწყებოდა. 48 საათის განმავლობაში ვსაუბრობდი მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან, რათა დავეხმაროთ ხალხს უკრაინიდან გასვლაში. ველაპარაკე ყველა მთავრობას, მაგრამ უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ იძლევა. უკრაინის საფეხბურთო ასოციაციასთან და მეზობელ საფეხბურთო ასოციაციებთან ერთად ეს უნდა გაგვეკეთებინა. ძნელია იმის ახსნა, რამდენად მძიმე იყო ეს დიალოგები“.

რუსეთის სასჯელი

„ძნელი სათქმელია ხვალ რა იქნება, მაგრამ ეს სიგიჟე, რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს. როდის შეძლებს რუსული ფეხბურთი კვლავ ევროპულ ფეხბურთში შესვლას? ამ მომენტში ამის თქმა შეუძლებელია. ჩვენი გადაწყვეტილება იყო ერთადერთი სწორი ნაბიჯი, აღმასრულებელმა კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო, მაგრამ რა იქნება ხვალ, ამის თქმა შეუძლებელია. ამ დროისთვის მშვიდობის დადგომას ველოდებით“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119163