ფეხბურთი

19:06 | 27.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძის "ჰამბურგმა" "ვერდერთან" უმნიშვნელოვანესი თამაში წააგო

გიორგი ჩაკვეტაძის „ჰამბურგმა“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის XXIV ტურის ცენტრალურ შეხვედრაში უშუალო კონკურენტ „ვერდერს“ უმასპინძლა. ჩრდილოელთა დერბი სტუმრებმა მოიგეს - 3:2.

ჩაკვეტაძე მოედანზე 46-ე წუთზე ფარიდე ალიდუს ნაცვლად გამოჩნდა, როცა მისი გუნდი 0:1 მარცხდებოდა. ქართველს გოლი არ გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია, ერთხელ კარში დაარტყა, მაგრამ მეკარემ აჯობა. სტატისტიკის ვებგვერდმა Sofascore-მ მისი თამაში 6.6, ხოლო Whoscored-მა 6.5 ქულით შეაფასა.

„ვერდერის“ მხრიდან დუბლი მარვინ დუკშმა შეასრულა, ერთიც ნიკლას ფოლკრუგის ანგარიშზეა, ხოლო ტიმ ვალტერის გუნდმა 46-ე წუთზე იონას მეფერის გოლით გაათანაბრა (1:1), რობერტ გლაცელმა კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (2:3). საინტერესოა, რომ ბრემენელებმა ორი გოლი პენალტით გაიტანეს, რომლებიც ორჯერვე ხელით თამაშისთვის დაინიშნა, ხოლო მასპინძლებს ბოლო წუთზე გოლი არ ჩაუთვალეს, თამაშგარე მდგომარეობის გამო.

„ჰამბურგი“ ამ ტურამდე მეორე ადგილზე იყო, მაგრამ 41 ქულით ახლა მეოთხე პოზიციაზე დაქვეითდა. „ვერდერი“ 45 ქულით ლიდერია, შემდეგ მოდიან „დარშმტადტი“ და „სანკტ პაული“, რომელთაც 44-44 ქულა აქვთ. „ჰამბურგს“ მთავარი ბრძოლები წინ ელოდება და ბუნდესლიგაში აღზევების შანსი ისევ აქვს. ჩაკვეტაძე და მისი თანაგუნდელები 2 მარტს, გერმანიის თასის მეოთხედფინალში „კარლსრუეს“ შეხვდებიან, 5 მარტს კი მეორე ბუნდესლიგაში „ნიურნბერგს“ ესტუმრებიან.

0.260132