ფეხბურთი

1:46 | 21.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ჰამბურგის" დირექტორი: "ჩაკვეტაძეს შეტევაში ყოველთვის შეუძლია რაღაც სახიფათოს შექმნა"
Bild-ი ვარაუდობს, რომ გიორგი "ვერდერთან" ძირითადში იქნება

ბრემენის „ვერდერთან“ გერმანული მედია ვარაუდობს, რომ „ჰამბურგის“ ძირითად შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძე მოხვდება. Bild-ი წერს, რომ ქართველ ფეხბურთელს შანსი აქვს სასტარტოში ადგილი ფარიდე ალიდუს ნაცვლად დაიკავოს.

ჩაკვეტაძის შესახებ კომენტარი გერმანულ მედიასთან „ჰამბურგის“ სპორტულმა დირექტორმა მიხაელ მუტცელმა ბოლო მატჩის შემდეგ გააკეთა და ქართველი ფეხბურთელი შეაქო.

„გიორგი შეტევაში კარგ გადაწყვეტილებებს იღებდა. თქვენ ხედავთ, რომ ის რიტმში სულ უფრო და უფრო ჯდება და უფრო ძლიერდება. მას ყოველთვის შეუძლია შეტევაში რაღაც სახიფათოს შექმნა“, - თქვა გერმანული გუნდის სპორტულმა დირექტორმა.

ფარიდე ალიდუ ჰამბურგში დაბადებული 20 წლის გერმანელი შემტევია, რომელმაც ამ სეზონში 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა, იანვარში მან კონტრაქტი ფრანკფურტის „აინტრახტთან“ გააფორმა, რომელსაც ზაფხულიდან შეუერთდება. თუმცა, ბოლო პერიოდში ცუდ ფორმაშია და უკანასკნელ ორ შეხვედრაში მის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე გამოჩნდა. ჯერ „ჰაიდენჰაიმთან“ 64-ე წუთზე და მერე „ზანდჰაუზენთან“ მატჩის შესვენებაზე.

„საკითხი ღიაა. ერთი რამ ნათელია: ქართველი „ჰამბურგში“ სულ უფრო და უფრო ვითარდება. დარმშტადში 12 წუთისა და „ჰაიდენჰაიმთან“ 24 წუთის შემდეგ ზანდჰაუზენში სრული ტაიმის ჩატარების საშუალება მიეცა“, - წერს Bild-ი.

შეგახსენებთ, „ჰამბურგი“ 23 ტურის შემდეგ მეორე ბუნდესლიგაში 41 ქულით მეორე-მეოთხე ადგილებს „ზანკტ პაულისთან“ და „დარმშტადტთან“ ერთად იყოფს, ხოლო ლიდერ „ვერდერს“ ერთადერთი ქულით ჩამორჩება. HSV სწორედ „ბრემენელ მუსიკოსებს“ უმასპინძლებს მომდევნო ტურში, 27 თებერვალს (თბილისის დროით 16:30 საათზე).

0.111404