გიორგი ჩაკვეტაძემ შესაძლოა „ჰამბურგის“ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშოს. გერმანული მედია ვარაუდობს, რომ 22 წლის ქართველი „ზანდჰაუზენთან“ სასტარტოში იქნება, რაც HSV-ს მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა არ გამორიცხა.
„მას ჯერ კიდევ სჭირდება გარკვეული დრო, რომ თავის უმაღლეს დონეს მიაღწიოს. ის იმ გარემოდან შემოგვიერთდა, სადაც ხშირად არ ათამაშებდნენ და ბოლო დროს არც ისე ბედნიერი იყო. შემიძლია გითხრათ, რომ ბიჭი ბრწყინავს, მაგრამ ჯერ 100%-ით მზად არ არის, ცოტა მეტი დრო სჭირდება“, - თქვა ტიმ ვალტერმა მატჩამდე.
"ჰამბურგი" ბუნდესლიგაში გადასვლელად იბრძვის და სეზონის ბოლომდე ყველა მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს. Bild-ი წერს, რომ ჩაკვეტაძე გერმანული გუნდის მე-12 ფეხბურთელია - მთავარი ჯოკერი.
შეგახსენებთ, „ზანდჰაუზენისა“ და „ჰამბურგის“ მატჩი 19 თებერვალს გაიმართება. გიორგი ჩაკვეტაძემ გერმანული გუნდის მაისურით ჯერ მხოლოდ ორი ოფიციალური მატჩი ჩაატარა - „დარმშტადტთან“ და „ჰაიდენჰაიმთან“.