შვეიცარიელმა მიშელ ჟისენმა, ქალთა შორის კომბინაციის რბოლა მოიგო და ოლიმპიური ჩემპიონის პიონჩანში მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა. ამჯერადაც ხელი მოეცარა ამერიკელ მიკაელა შიფრინს, რომელმაც რბოლის დასრულება ისევ ვერ შეძლო.
ჟისენმა სლალომის და დაშვების თითო ცდა, ჯამში 2 წუთსა და 25.67 წამში შეასრულა და 1.05 წამით აჯობა თანამემამულე ვენდი ჰოლდენერს. ბრინჯაოს მედალი კი იტალიელმა ფედერიკა ბრინიონემ მოიპოვა.
პეკინში წარუმატზაებელი გამოსვლის მიუხედავად, შიფრინი ფავორიტი იყო, მაგრამ უკვე მესამედ ვერ მიაღწია ფინიშს. არადა, დაშვების შემდეგ მეხუთე ადგილზე იყო და გამარჯვების რეალურ შანსს ინარჩუნებდა. მაგრამ სლალომის დროს, გასასვლელს ასცდა და რბოლა ვერ დაასრულა. მანამდე მან სლალომის და გიგანტური სლალომის დასრულებაც ვერ შეძლო.
ამერიკელი ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონია და მსოფლიო თასზე სლალომის 47, სულ კი 73 რბოლა აქვს მოგებული. ის სოჭის ოლიმპიადაზე სლალომში გახდა ჩემპიონი, პიონჩანში კი ოქროს გიგანტურ სლალომში, ვერცხლს კი კომბინაციაში დაეუფლა.
შიფრინისგან განსხვავებით, პეკინში შვეიცარიელების ბენეფისი შედგა. ჟისენის ოქროს მედალი, შვეიცარიის სამთო თხილამურობის გუნდისთვის მეხუთეა. ამასთან, ჟისენმა და ჰოლდენერმა მეორე მედალი მოიპოვეს. ჟისენმ პირველი მედალი (ბრინჯაო) სუპერ გიგანტში მოიპოვა, ჰოლდენერმა კი ასევე ბრინჯაო სლალომში აიღო. სულ შვეიცარიელებმა სამთო თხილამურობაში სულ ცხრა მედალი მოიპოვეს.
კომბინაცია მეოთხე ადგილზე დაასრულა ჩეხმა ესტერ ლედეჩკამ, ვინც მანამდე ოქროს მედალს სნოუბორდით, პარალელურ გიგანტურ სლალომში დაეუფლა. საინტერესოა, რომ პიონჩანში ლედეჩკამ ოქროს მედლები სნოუბორდსა და სამთო თხილამურობაში (სუპერ გიგანტი) მოიპოვა.