ბითაძე - მამუკელაშვილის წინააღმდეგ, „ინდიანას“ ზედიზედ 7 მარცხი და ქართველების ჯამური 18 ქულა. ეს ქართველი კალათბურთელების დაპირისპირების დეტალებია. „მილუოკი ბაქსმა“ „პეისერსს" 128:119 აჯობა და სეზონში მე-4, ხოლო ზედიზედ მე-8 თამაში მოუგო.
სასიხარულოა, რომ გოგა ბითაძემ შეხვედრა კვლავ სასტარტო ხუთეულში დაიწყო. ის ხუთეულში ზედიზედ მეოთხედ და სეზონში მეშვიდედ გამოჩნდა. ქართველმა ცენტრმა მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ 25:14 წუთი ითამაშა, რა დროშიც: 12 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. გოგამ 7-დან 4 სროლა ზუსტად გამოიყენა. მან 6-დან 4 ორქულიანი და 8-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა. ჩვენებურს პასივში 1 დაკარგვა და 4 პერსონალური ფოლი ჰქონდა. მისი +- მაჩვენებელი კი -6 გამოდგა.
რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილს, 22 წლის ფორვარდი თამაშში პირველივე პერიოდში ჩაერთო, მაშინ გოგაც მოედანზე იყო. მან 10:19 წუთში პრაქტიკულად უშეცდომოდ ითამაშა და 3-დან 3 სროლა ზუსტად გამოიყენა. სანდროს მონაგარი საბოლოოდ 6 ქულა და 2 მოხსნა გამოდგა. ჩვენებურმა 1 ფოლიც მიიღო.
რაც შეეხება მატჩის სხვა დეტალებს, შესანიშნავი თამაში ჩაატარა იანის ანტეტოკუმპომ. ბერძენმა კალათბურთელმა სეზონის რეკორდული - 50 ქულა ჩააგდო. მან 14 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემას შეასრულა და ერთადერთი კალათბურთელი გამოდგა, ვინც ორმაგ დუბლს უწია. 27 წლის ფორვარდმა პირველ მეოთხედში 12 ქულა მოაგროვა, მეორეში 6, მესამეში 13 და ბოლო პერიოდში 19 ქულა.
იანისმა წინა დღეს „პორტლენდთან“ წაგებულ შეხვედრაში, მარცხენა კოჭის ტრავმის გამო ვერ ითამაშა, თუმცა, ახლა თავს კარგად გრძნობს და ეს შედეგშიც აისახა. მან 21-დან 17 სროლა გამოიყენა. 3-დან 2 სამქულიანი, 18-დან 15 ორქულიანი და 18-დან 14 საჯარიმო ჩააგდო.
''მე თავს უკეთ ვგრძნობდი, რადგან კარგად დავისვენე'' - თქვა ბერძენმა.
ანტეტოკუმპომ 50 ქულა ბოლოს NBA-ის ფინალურ დაპირისპირებაში ჩააგდო, როდესაც „მილუოკი“ „ფინიქს სანსის“ წინააღმდეგ თამაშობდა. მის 9-წლიან კარიერაში კი ეს მეოთხე 50-ქულიანი თამაში იყო. აღსანიშნავია, რომ ბითაძეს ხშირად უწევდა მასთან კონკურენცია, ერთხელ კი დაფარებაც სცადა თუმცა, უშედეგოდ.
''ცხადია, სასიამოვნო გრძნობაა 50 ქულის დაგროვება. ეს ყოველთვის მემახსოვრება, მაგრამ მე გამარჯვება უფრო მახარებს, რადგან თამაშების მოგება მინდა. ხუთშაბათს კიდევ ერთი მატჩი გვაქვს. ვეცდებით გავიმარჯვოთ და ყველა ვარსკვლავის შესვენებაზე კარგ ნოტაზე გავიდეთ“, - თქვა იანისმა.
NBA-ს ისტორიაში მხოლოდ მე-12 შემთხვევაა, როდესაც მოთამაშემ 80% ან უკეთესი სროლით 50 ან მეტი ქულა დააგროვა.
აღსანიშნავია, რომ ტრავმების გამო ორივე გუნდს მხოლოდ 10-10 მოთამაშე ჰყავდა.
კიდევ ერთი პირადი რეკორდი ბადი ჰილდს ეკუთვნის. "ინდიანას" კალათბურთელმა საკუთარ გუნდში ყველაზე მეტი ქულა გამოიმუშავა და მისთვის სეზონის რეკორდული 36 ქულა ჩააგდო. ტაირის ჰალიბერტონმა კი 17 ქულა და 8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
''ჩვენ ახლა რთული პერიოდი გვაქ'' - თქვა პეისერსის მწვრთნელმა რიკ კარლაილმა.
"ამერიკელმა სპეციალისტმა ჰალიბერტონზეც ისაუბრა, რომელიც „ინდიანამ“ ვაჭრობის დროს, 8 თებერვალს „საკრამენტოდან“ დაიმატა.
''მან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. მისი შესაძლებლობები უზარმაზარია. აქვს ბუნებრივი ლიდერობის აურა. მისი სიბრძნე ასაკს არ შეესაბამება და პარკეტზე 21 წლის კალათბურთელივით არ გადაადგილდება, არამედ ისე, როგორც მრავალწლიანი გამოცდილების ვეტერანივით“, - დაამატა კარლაილმა.
უშუალოდ შეხვედრა „მილუოკის“ უპირატესობით დაიწყო და პირველი პერიოდი 7-ქულიანი უპირატესობით მოიგო. „პეისერსმა“ მომდევნო ორ მეოთხედში კი იმარჯვა, თუმცა, მხოლოდ თითო ქულით და დასკვნით პერიოდს 5-ქულიანი ჩამორჩენით შეხვდა. არადა იყო მომენტი, როდესაც 1-ქულამდეც კი მიუახლოვდა (94:95). საბოლოოდ „ბაქსმა“ ზედიზედ 2 მარცხის მერე გამარჯვება მოიპოვა და ხასიათი გამოიკეთა.
"მილუოკი ბაქსმა" ამ გამარჯვებით 36 მოგების წილ 23 მარცხი დააგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილი უჭირავს. სანდრო და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 19 თებერვლის, "ფილადელფიასთან" ჩაატარებენ. ხოლო "ინდიანა" 19 მოგებითა და 40 მარცხით მე-13 პოზიციაზეა და მიმდინარე სეზონში პლეი-ოფის გარეშე დარჩება. "პეისერსი" 18 თებერვალს, შინ "ვაშინგტონს" დაუპირისპირდება.