გერმანული „ჰამბურგის“ ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით 90 წუთის სათამაშოდ მზად არ არის.
ამასთან, გიორგიმ იმ ქართველი ფანების შესახებ ისაუბრა, რომლებიც „ჰაიდენჰაიმთან“ შეხვედრას ჰამბურგში მისი მაისურებით დაესწრნენ და თქვა, რომ ძალიან სასიამოვნო იყო მათი იქ დანახვა საქართველოს დროშებითა და მისი მაისურებით.
„ძალიან სასიამოვნო ჟესტი იყო, ძალიან გამიხარდა. საფინალო სასტვენის შემდეგ ფანებს შევხვდი და მათ მაისური ვაჩუქე. სასიამოვნო იყო პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ. აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. მწვრთნელი ძალიან მეხმარება და მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს, რომლებმაც ძალიან კარგად მიმიღეს. ჩვენი მიზანია, ყველა თამაში მოვიგოთ და სეზონი პირველ ადგილზე დავასრულოთ.
ბოლო რამდენიმე თვეა თითქმის არ მითამაშია. ამიტომაც, 90 წუთის განმავლობაში თამაში ჯერ არ შემიძლია. ბევრს ვმუშაობ ჩემს ფორმაზე და შესაძლოა, შემდეგ ჯერზე 45 წუთიც ვითამაშო“, - თქვა ქართველმა ფეხბურთელმა.
„ჰამბურგს“ 22 ტურის შემდეგ 40 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, ლიდერებს, „ვერდერსა“ და "ზანკტ პაულის" მხოლოდ ქულით ჩამორჩება. ტიმ ვალტერის გუნდი მომდევნო ტურში 19 თებერვალს, „ზანდჰაუზენს“ ესტუმრება.
შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძე გერმანულ გუნდს „გენტიდან“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა, თუმცა თავის გამოჩენის შემთხვევაში „ჰამბურგი“ სავარაუდოდ, მის სატრანსფერო უფლებებს გამოისყიდის.