ფეხბურთი

11:34 | 9.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე: "პირადი სტატისტიკა ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა, მთავარია გუნდს როგორ დავეხმარები"

თურქული „ჰათაისფორის“ ქართველმა ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა. 27 წლის ნახევარმცველი იმედოვნებს, რომ გუნდი კრიზისიდან გამოსვლას მოახერხებს და იმ ფეხბურთს ითამაშებს, რომელსაც სეზონის დასაწყისში თამაშობდა.

„ჰათაისფორი“ სეზონის პირველ ნაწილში სამეულში იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში წარუმატებელი შედეგი აქვს და მერვე ადგილამდე დაქვეითდა, თუმცა, ევროზონაში მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს. გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კი ლობჟანიძეა, მაგრამ მისთვის მთავარი გუნდური წარმატებაა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, რომ აქ მოსვლის დღიდან ადაპტაცია კომფორტულად გავიარე. ჩემს სტატისტიკურ მონაცემებს დღემდე არ ვუყურებ, რადგან ჩემთვის უფრო მნიშვნელოვან გუნდურ წარმატებაში წვლილის შეტანაა. რა თქმა უნდა, სტატისტიკა ასევე მნიშვნელოვანია, თუმცა, ჩემთვის მთავარია რამხელა წვლილს შევიტან გუნდში ჩემი გატანილი გოლებით და საგოლე პასებით.

სეზონის სტარტი კარგი გვქონდა, მაგრამ ეს ცოტა ხანს გაგრძელდა. მოგვიანებით იყო ტრავმები და უიღბლობა. ზოგჯერ გულშემატკივრებს იმედი გავუცრუეთ. ვფიქრობ, აფრიკის თასზე წასული და ტრავმებისგან გამოჯანმრთელებული მოთამაშეები როცა დაგვიბრუნდებიან, ძველებურად ვითამაშებთ. ამის გვჯერა.

ჩემს თავს გრძელვადიან მიზნებს არ ვუსახავ, თამაშიდან თამაშამდე ვიყურები. ვიცი, რომ კვირიდან კვირამდე კარგი თამაშით საბოლოო ჯამშიც ყველაფერი კარგად იქნება. ამიტომ, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ყოველ კვირაში უკეთ ვითამაშო.

ჰათაი ნამდვილად ისტორიული ქალაქია და თუ ხალხს ისტორიის ნახვა სურს, აქ უნდა მოვიდეს. ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერას როცა ვგრძნობთ, ჩვენი თამაშის დონე წარმოუდგენლად იზრდება. მათ ყველა მატჩში ველოდებით და ვეცდებით, რომ ჩვენი ბრძოლით და მატჩების მოგებით საუკეთესო საჩუქარი გავუკეთოთ“, - თქვა ლობჟანიძემ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში საბა ლობჟანიძემ თურქული გუნდის მაისურით სუპერლიგაში 23 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066549