ფეხბურთი

0:11 | 2.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ჰამბურგის" მწვრთნელი: "ჩაკვეტაძეს სწავლის სურვილი აქვს და ჩემთვის მთავარი ესაა"

გერმანული „ჰამბურგის“ მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც 46 წლის სპეციალისტმა აღნიშნა, 22 წლის ქართველი ბურთით ძალიან კარგია, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ აქვს.

„როცა მას ბურთი აქვს, ნამდვილად კარგია, მაგრამ მეტი მუშაობა მოუწევს ბურთის ართმევის კომპონენტზე. თუმცა, ვხედავთ, რომ სწავლის სურვილი აქვს და ჩემთვის მთავარი ეს არის. არა მგონია, რომ მას მთელი თამაშის ჩატარება შეეძლოს. ვფიქრობ, თუ ის შეცვლაზე შევა, შეუძლია გუნდს იმპულსი მისცეს, შეიძლება ითქვას, რომ დიდი ხანია არ უთამაშია და მას უბრალოდ ცოტა მეტი ნდობა და სითბო სჭირდება", - თქვა ვალტერმა.

შეგახსენებთ, „ჰამბურგი“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში 20 ტურის შემდეგ 34 ქულით მეოთხე-მეექვსე ადგილებს „შალკესთან“ და „ჰაიდენჰაიმთან“ ერთად იყოფს, ლიდერ „დარმშტადტს“ კი, რომელსაც 6 თებერვალს ესტუმრება, 5 ქულით ჩამორჩება, მეორეადგილოსან „სანქტ პაულის“ 2, ხოლო მესამეადგილოსან „ვერდერს“ 1 ქულით.

გერმანული მედია ვარაუდობს, რომ ჩაკვეტაძე, რომელსაც დებიუტი „მიდტიულანდთან“ ამხანაგურ მატჩში ჰქონდა, „დარმშტადტთან“ ძირითად შემადგენლობაში იქნება, რადგან „ჰამბურგს“ ნახევარდაცვაში ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლია დისკვალიფიკაციისა და ტრავმის გამო, თუმცა ვალტერის სიტყვებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 22 წლის ქართველი თამაშში შეცვლაზე ჩაერთვება.

0.106095