ისტორია დაწერილია - რაფაელ ნადალი ჩოგბურთის ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც დიდი სლემის 21 ტიტული მოიგო.
35 წლის ესპანელმა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში რუსი დანილ მედვედევი საოცრად დრამატულ, დაძაბულ და ინტენსიურ თამაშში, რომელიც 5 საათსა და 24 წუთს (!) გაგრძელდა, 3:2 (2:6, 6:7, 6:4, 6:4, 7:5) დაამარცხა.
თამაში მედვედევის უპირატესობით დაიწყო და პირველი სეტი საკმაოდ ადვილად 6:2 მოიგო. გადამწყვეტი მეხუთე გეიმში რუსი ჩოგბურთელის ბრეიკი გამოდგა, რასაც მეშვიდე გეიმშიც ბრეიკი მიაყოლა და იოლად დაწინაურდა. მეორე სეტში უშეღავათო ბრძოლა გაიმართა - ამჯერად ორივე ჩოგბურთელმა 2-2 ბრეიკი გაახერხა და შედეგად სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, რომელიც რუსმა 7:5 მოიგო და ჩემპიონობისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.
თუმცა, 35 წლის ლეგენდარულმა ესპანელმა ურთულესი სიტუაციიდან გამოსვლა მოახერხა და თამაშის სადავეები ხელში იგდო. მესამე სეტში 4:4-ზე რაფამ მეტოქის ჩაწოდება მოიგო და სეტი გამარჯვებამდე მიიყვანა (6:4), რის შედეგადაც ანგარიში შეამცირა. მეოთხე სეტიც პრაქტიკულად იდენტური გამოდგა, იმ განსხვავებით, რომ ნადალმა ორი ბრეიკი მიითვალა, მედვედევმა ერთი უკუბრეიკი და სეტი ისევ ესპანელის სასარგებლოდ დასრულდა - 6:4.
ამრიგად, ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონის ბედი მეხუთე სეტმა გაარკვია, რომელშიც ბრეიკით რაფა დაწინაურდა და 5:4-ზე ჩემპიონობაზე აწვდიდა, მაგრამ მედვედევმა უკუბრეიკი გადამწყვეტ მომენტში გაახერხა და ბრძოლაში დარჩა - 5:5. თუმცა, ეს რუსი ჩოგბურთელისთვის მაქსიმუმი გამოდგა, რადგან იქვე თავისი ჩაწოდება წააგო და 5:6 ჩამორჩა, ხოლო მერე ნადალს იგივე შეცდომა აღარ დაუშვია - მე-12 გეიმში უშეცდომოდ აწვდიდა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
ნადალს 3 ეისი, 5 ორმაგი შეცდომა 69 ვინერსი და 68 უნებლიე შეცდომა დაუგროვდა, მედვედევს კი 23 ეისი, 5 ორმაგი შეცდომა, 76 ვინერსი და 52 უნებლიე შეცდომა. საბოლოოდ, ესპანელმა ჩოგბურთელმა პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლო და წაგებული თამაში მოიგო.
რაფაელ ნადალისთვის ეს იყო ავსტრალიის ღია პირველობის მეექვსე ფინალი და ჩემპიონობა მეორედ მოიპოვა (პირველად 2009 წელს). თუმცა, ყველაზე მთავარი ის არის, რომ კარიერაში დიდი სლემის 21-ე ტიტული მოიგო, რაც ჩოგბურთის ისტორიაში რეკორდია! ესპანელმა ლეგენდამ როჯერ ფედერერსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს გადაასწრო, რომელთა აქტივში დიდი სლემის 20-20 ტიტულია.