გიორგი ჩაკვეტაძე მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით „ჰამბურგში“ ითამაშებს. ქართველი ფეხბურთელის შესახებ გერმანული გუნდის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ მუტცელმა კომენტარი გააკეთა.
„გიორგი მოქნილი შემტევი მოთამაშეა, რომელიც ტექნიკურად ძლიერია და გოლების გატანა შეუძლია. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებოდით, მასთან ერთად შეტევაში ჩვენი თამაში უფრო მრავალფეროვანი გახდება“, - თქვა მუტცელმა.
გერმანულ გუნდთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომენტარი 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმაც გააკეთა:
„ბედნიერი ვარ, რომ „ჰამბურგში" ტრანსფერი შედგა. დადებითის მოლოდინი მაქვს, ახლა ვიმედოვნებ, რომ სწრაფად გავივლი ადაპტაციას და გავიცნობ ჩემს თანაგუნდელებს, რათა კლუბს მოედანზე დავეხმარო“, - აღნიშნა გიორგიმ.
გიორგი ჩაკვეტაძემ „გენტში“ 2017 წლიდან დღემდე 81 თამაში ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი 15 შეხვედრაში 1 გოლით და 5 საგოლე პასით გამოირჩა. საქართველოს ნაკრებში მის ანგარიშზე 13 თამაში და 5 გოლია.
„ჰამბურგი“ გერმანიის 6-გზის ჩემპიონი და ჩემპიონთა თასის გამარჯვებულია, მაგრამ ამჟამად მეორე ბუნდესლიგაში თამაშობს, სადაც 20 ტურში მოპოვებული 34 ქულით მეოთხე-მეექვსე ადგილებს „შალკესთან“ და „ჰაიდენჰაიმთან“ ერთად იყოფს, ლიდერ „დრამშტადტს“ 5 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორეადგილოსან „ზანქტ პაულს“ 3 ქულით (მეორე ადგილიც ბუნდესლიგის საგზურს იძლევა). გარდა ამისა, „ჰამბურგი“ გერმანიის თასის მეოთხედფინალშია გასული.