მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგბურთელმა დანილ მედვედევმა ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში მეცხრე ნომერი, კანადელი ჩოგბურთელი ფელიქს ოჟე-ალიასიმი მძიმე ბრძოლაში 6:7, 3:6, 7:6, 7:5, 6:4 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
მედვედევი გახდა პირველი ჩოგბურთელი მიმდინარე ტურნირზე, რომელმაც ორი სეტის წაგების შემდეგ თამაში შემოატრიალა და ასევე, დანილმა კარიერაში მსგავსი ქამბექი მეორედ შეასრულა - პირველად რუსმა გასული წლის უიმბლდონზე მარინ ჩილიჩის წინააღმდეგ შეძლო.
დანილმა მეოთხე სეტში მეათე გეიმზე, როდესაც საკუთარ ჩაწოდებაზე 30:40-ს აგებდა და ანგარიში 5:4 იყო ფელიქსის სასარგებლოდ, საჩემპიონო მენტალიტეტი გამოავლინა და მატჩ პოინტზე დამაჯერებლად ითამაშა. განვლილ შეხვედრაში დანილმა 49 ვინერი შეასრულა, ხოლო კანადელმა - 64. სამაგიეროდ უნებლიე შეცდომებში ოჟე-ალიასიმი "ლიდერობდა" – 75:53. საბოლოო ჯამში სულ გათამაშებული 364 ქულიდან ორივე მოთამაშემ 182-182 მოიგეს, თუმცა გამარჯვება დანილს დარჩა.
ნახევარფინალში მედვედევი მეოთხე ნომერ სტეფანოს ციციპასს შეხვდება, რომელმაც ახალი თაობის ერთ-ერთი ძლიერი ჩოგბურთელი მე-11 ნომერი იანიკ სინერი 6:3, 6:4, 6:2 დაამარცხა და რუსს ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში ზედიზედ მეორედ შეხვდება.
ბერძენმა ჩოგბურთელმა 30 ვინერი შეასრულა და 28 უნებლიე შეცდომა დაუშვა. წინა მატჩებისგან განსხვავებით კი იტალიელი ეფექტურად ვერ თამაშობდა და მხოლოდ 18 ვინერი ჰქონდა, 22 უნებლიესთან ერთად.
გასულ წელს დანილ მედვედევმა სტეფანოს ციციპასი იოლად, 6:4, 6:2, 7:5 დაამარცხა. იმ შეხვედრაში რუსმა ბერძენს ყველა ასპექტში აჯობა და სტეფანოსი რევანშის მოლოდინშია. აღნიშნული მატჩი 28 იანვარს, "როდ ლეივერ არენაზე" თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.