რაფაელ ნადალს ხუთი სეტის თამაში დასჭირდა იმისთვის, რომ ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში, კანადელი დენის შაპოვალოვი დაემარცხებინა. ესპანელმა მეტოქეს ორსეტიანი ჩამორჩენოს ლიკვიდირების საშუალება მისცა, თუმცა საბოლოოდ ის 6-3, 6-4, 4-6, 3-6, 6-3 დაამარცხა. და ახლა ორი თმაშის მოგება დარჩა იმისთვის, რომ კარიერაში დიდი სლემის 21-ე ტიტული მოიპოვოს.
„ამ ურთულესი შეხვედრის შემდეგ, სრულიად განადგურებული ვარ. მაგრამ მიხარია, რომ ნახევარფინალში ვითამაშებ. ჩემთვის ბევრს ნიშნავს ის, რომ როდ ლეივერის არენაზე, კიდევ ერთ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება მოვიპოვე“, - განაცხადა ნადალმა, ვისაც მოსაგებად ოთხი საათი და რვა წუთი დასჭირდა.
საინტერესოა, რომ გასულ სეზონში, ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში, ნადალმა სტეფანოს ციციპასთან ისე წააგო, რომ თავიდან ორი სეტით წინ იყო. ორი თვის წინ, ესპანელმა ჯერაც არ იცოდა, შეძლებდა თუ არა კარიერის გაგრძელებას. მას თამაშის საშუალებას, ტერფის ტრავმა არ აძლევდა. მაგრამ ტრავმა მოიშუშა და კარიერაში დიდი სლემის 36-ე ნახევარფინალშიც გავიდა.
ნადალის მომდევნო მეტოქე იტალიელი მატეო ბერეტინია, რომელმაც ხუთსეტიანი ბრძოლაში, ფრანგ გაელ მონფილსს 6-4, 6-4, 3-6, 3-6, 6-2 მოუგო.
მეოთხე სეტის წაგების შემდეგ, ნადალმა კორტი დატოვა, რათა სამედიცინო დახმარება მიეღო. დაბრუნებული, აშკარად უკეთ ათამაშდა - მეორე გეიმშივე შეძლო ბრეიკის აღება. და აქედან მოყოლებული, მისთვის ანგარიშის გათანაბრების შანსი აღარ მიუცია.
„დღეს ჩვენ ისტორიის შექმნა შეგვიძლია, მაგრამ ორი თვის წინ, არც კი ვიცოდი, ტურზე დაბრუნებას შევძლებდი, თუ არა. მე დღეს აქ ვარ და ჩემთვის ცხოვრების საჩუქარია ის, რომ ჩოგბურთის თამაში ისევ შემიძლია“, - განაცხადა ნადალმა.