არ მესმის იმ ხალხის, კატალონიიდან ლეო მესის აბარგების შემდეგ “ბარსელონას“ რომ აღარ ქომაგობს და ამბობს, რომ მათთვის ამ კლუბისადმი ინტერესს მხოლოდ და მხოლოდ არგენტინელი სუპერვარსკვლავი განაპირობებდა. გუნდის ქომაგობა ცხადია ყველა ადამიანის პირადი არჩევანის ნაწილია და არავის აქვს უფლება ამ არჩევანში ხელ-ფეხი აფათუროს. თუმცა, საგულშემატკივრო ტრადიციებიც თავის დაუწერელ მოთხოვნებს აყენებს და ერთი ფეხბურთელის (როგორი მაგარიც არ უნდა იყოს ის) გამო კლუბის ქომაგობა ან მისი დავიწყება ნამდვილად არ ტოვებს სერიოზულ და დადებით შთაბეჭდილებას.
არ დაგავიწყდეთ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს, ტიტულმრავალ და წარმატებულ კლუბზე ვსაუბრობთ, რომელსაც ისტორია ლეო მესის მოსვლა-წასვლით არც დაუწყია, არც დაუსრულებია და “ბარსელონას“ მტერ-მოყვარემაც კარგად იცის, რომ დადგება დრო, როდესაც კატალონიელთა ახლანდელ წარუმატებლობები ისევ წარსულში დარჩება და ლურჯ-ბროწეულისფერები ადრე თუ გვიან მაინც იპოვიან საკუთარ თავს. ეს გარდაუვლად მოხდება და სწორედ ამას გვასწავლის საფეხბურთო ისტორია. უდიდესი ვარსკვლავები იბადებიან, ბრწყინდებიან, აოცებენ მსოფლიოს, ბოლოს კი ფერმკრთალდებიან და დიდი ფეხბურთიდან მიდიან. დიდი კლუბები კი რჩებიან. რჩებიან და ახალ-ახალ ისტორიებს წერენ.
ასე მოხდება ლეო მესის შემთხვევაშიც, იმის მიუხედავად, როგორი დიდი ეპოქაც არ უნდა ჰქონდეს შექმნილი მას. გავა წლები, გამოჩნდებიან ახალი ვარსკვლავები, შემოიტანენ მათთვის დამახასიათებელ, განუმეორებელ საფეხბურთო ხელწერას, გამოჩნდებიან მათი თავგადაკლული ქომაგებიც და თუკი ის ახალი ვარსკვლავებიც სხვა კლუბში გადავლენ, მომავალშიც იქნებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ მათთვის მთავარი ერთი ფეხბურთელის საოცარი თამაშია. თუმცა, ამით ვერც ისტორიის მდინარება შეჩერდება და დარწმუნებული ვარ, “განდგომილი“ ქომაგები ბოლოს მაინც დაუბრუნდებიან ძველ, საქომაგო ალაგს, რადგან როგორც უკვე ვთქვით, ბოლოს და ბოლოს დიდი ფეხბურთელებიც ბერდებიან და საფეხბურთო კარიერას ასრულებენ, დიდ კლუბებს კი მხოლოდ და მხოლოდ ისტორიული გამოცდილება და წლები ემატებათ.
გამოგიტყდებით, ვცდილობ გავიგო იმ ადამიანების გულისტკივილი, რომლებიც წლების განმავლობაში მათი მთავარი კუმირის “კამპ ნოუზე“ თამაშით ტკბებოდნენ და როგორც ბავშვს არ ეთმობა საყვარელი სათამაშო, ისე ზოგ ქომაგსაც უჭირს იმის წარმოდგენა, რომ მისი საყვარელი ფეხბურთელი შეიძლება სხვა კლუბის მაისურით იხილოს. ვთქვი, ვცდილობ გავუგო ამ ხალხსმეთქი და არ ვიცი, რამდენად გამომდის ეს გაგება. მაშინ რაღა უნდა თქვან პატარა გუნდების ქომაგებმა, რომლებიც ლამის ყოველი საფეხბურთო სეზონის დაწყების წინ გუნდის საუკეთესო ფეხბურთელების სხვა გუნდებში გადასვლის მხილველნი არიან? მათთვისაც ძალიან ბევრს ნიშნავენ უსახსრობის გამო კონკურენტ გუნდებში გაყიდული ფეხბურთელები, თუმცა ამით არც საფეხბურთო ცხოვრება სრულდება და არც ისაა სწორი, გუნდიდან წასვლის მსურველ ფეხბურთელს გამოვეტიროთ და კალთები ჩამოვახიოთ. ამით არც არაფერი შეიცვლება და ვერც წარსულს დავაბრუნებთ.
ვიცი, ახლა მოდაშია მხოლოდ “ბარსელონას“ ხელმძღვანელობის დადანაშაულება იმაში, რომ ლეო მესი ბურთს ამჟამად პარიზში აგორებს, მაგრამ ფრანგებს ნამდვილად არაფერი დაუშავებიათ, როდესაც ლეო მესის სარფიანი კონტრაქტი გაუფორმეს და მესიც თანახმა იყო პრიმერას ნაცვლად საფრანგეთის მთავარ ლიგაში ეთამაშა. ბოლოს და ბოლოს, ეს მესიმ თავად გადაწყვიტა და სადაც “ბარსელონას“ ხელმძღვანელებს ათჯერ შეაგინებთ, იქვე ლეო მესიზეც შეიძლება ოდნავ მაინც “წაკბენა“. არა?...