ჩოგბურთი

11:59 | 14.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა ისევ გაუუქმეს და ავსტრალიიდან დეპორტაცია ემუქრება!

ნოვაკ ჯოკოვიჩის ავსტრალიური საგა გრძელდება და მას ვიზა მეორედ გაუუქმეს. ავსტრალიის ემიგრაციის მინისტრმა ალექს ჰოუკმა მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგნის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და ვიზა გააუქმა.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ვიზა გაუქმდა ავსტრალიის მოსახლეობის მოთხოვნით. ჰოუკსმა თქვა, რომ გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ავსტრალიის საზოგადოების დაცვას. ამრიგად, „ნოლეს“ ავსტრალიიდან დეპორტაცია ისევ ემუქრება.

თუმცა, ჯერ საქმე არ დასრულებულა. ჯოკოვიჩის ადვოკატები სარჩელს სასამართლოში კიდევ ერთხელ შეიტანენ და ეცდებიან, რომ ეს გადაწყვეტილებაც გააუქმოს. AUS Open-ი 17 იანვარს იწყება და სერბსაც მანამდე აქვს დრო, რომ პრობლემა საბოლოოდ მოაგვაროს.

შეგახსენებთ, ჯოკოვიჩს ვიზა პირველად ავსტრალიის სასაზღვრო სამსახურმა გააუქმა, მაგრამ სასამართლოში სერბმა სააპელაციო საჩივარი მოიგო და თავდაპირველი გადაწყვეტილება გაუქმდა. მიუხედავად ამისა, ავსტრალიის ხელისუფლება ინარჩუნებდა ჯოკოვიჩის დეპორტაციის უფლებას და ემიგრაციის მინისტრს გადაწყვეტილების მიღება შეეძლო, რაც გააკეთა კიდეც.

0.111969