მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა სასამართლო პროცესი მოიგო და ავსტრალიაში რჩება. შესაბამისად, ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშსაც შეძლებს.
მოსამართის გადაწყვეტილებით, ჯოკოვიჩისთვის ავსტრალიის ვიზის გაუქმება უსაფუძვლო იყო და დაადგინა, რომ ნოვაკი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს საკარანტინო სასატუმროდან. გარდა ამისა, სერბს უნდა დაუბრუნონ პასპორტი და პირადი ნივთები.
შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი აცრილი არ არის, რის გამოც ავსტრალიაში შესვლა არ შეეძლო და არც ტურნირზე თამაში, მაგრამ ორგანიზატორებმა სამედიცინო გამონაკლისის სახით, მას ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშის ნებართვა მისცეს. თუმცა, „ნოლე“ მესაზღვრეებმა დააკავეს და ვიზა გააუქმეს. ახლა, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ჯოკოვიჩს შეუძლია ავსტრალიის ტერიტორიაზე შესვლა, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა, რადგან ავსტრალიის ცენტრალურმა მთავრობამ შეიძლება გააუქმოს მოსამართლის გადაწყვეტილება.