სლოვაკმა პეტრა ვლჰოვამ ლინცში (ავსტრია) გამართული სლალომი სოლიდური უპირატესობით მოიგო. მსოფლიო თასის მიმდინარე სეზონში, ეს მის მიერ მოპოვებული მესამე გამარჯვებაა.
ვლჰოვამ პირველ ცდაზევე შეძლო დაწინაურება, მეორეზე კი სტარტზე ბოლო გამოვიდა, უშეცდომოდ ისრიალა და კარიერაში 23-ე გამარჯვება მოიპოვა. მან ნახევარ წამზე მეტით ჩამოიტოვა მეორეზე გასული ავსტრიელი მსოფლიო ჩემპიონი კატარინა ლინსბერგერი. მესამე ადგილი კი შვეიცარიელმა მიშელ ჟისენმა დაიკავა, ვინც გამარჯვებულს 0.68 წამით ჩამორჩა.
„საუკეთესო პირობებში მოგვიწია ასპარეზობამ. ორივე ცდა უფრო იოლი გამოდგა, ვიდრე სხვა რბოლები იყო. სლალომში ახლა ძალიან თავდაჯერებული ვარ. პირველი ცდის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ვიყავი, ვგრძნობდი, რომ უფრო მეტიც შემეძლო“, - განაცხადა ვლჰოვამ.
სლოვაკ მოთხილამურეს მიმდინარე სეზონში ოთხიდან სლალომის სამი რბოლა აქვს მოგებული. ის მსოფლიო თასის აბსოლუტურ ჩათვლაში მესამე ადგილზეა და მეორეზე მყოფ იტალიელ სოფია გოჯას 42 ქულით ჩამორჩება. გოჯაზე 93 ქულით წინ არის ამერიკელი მიკაელა შიფრინი, ვისაც კორონავირუსით ინფიცირების გამო, მესამე რბოლის გამოტოვებამ მოუწია.
ქალთა მსოფლიო თასის მომდევნო რბოლას, 4 იანვარს, ხორვატიის ქალაქი ზაგრები უმასპინძლებს.