რაფაელ ნადალმა განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო. ხანგრძლივი ტრავმული პაუზის შემდეგ, ესპანელმა აბუ დაბის საჩვენებელ ტურნირზე ითამაშა და შინ დაბრუნებულმა, თან კორონავირუსი წაიყოლა.
დიდი სლემის 20 ტიტულის მფლობელმა და მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა განაცხადა, რომ რამდენიმე არასასიამოვნ მომენტი ჰქონდა, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ მალე თავს უკეთ იგრძნობს და მალე თავის სამომავლო გეგმებსაც გვამცნობს.
ამგვარად, ავსტრალიის ღია პირველობაზე 35 წლის ნადალის გამოსვლა კიდევ უფრო სათუო გახდა. მელბურნის ტურნირი მან ერთხელ მოიგო და ოთხჯერ ფინალში ითამაშა. ინფიცირებამდე მას ნათქვამი ჰქონდა, რომ ავსტრალიის ღიაზე მისი გამოსვლა გარანტირებული არ იყო.
„ესპანეთში ჩამოსვლისთანავე PCR ტესტი გამიკეთეს, რაზეც დადებითი პასუხი მივიღე“, - ტვიტერზე წერს ნადალი. მისივე თქმით, კუვეიტსა და აბუ დაბიში ჩატარებულ ყველა ტესტზე უარყოფითი პასუხები მიიღო. ბოლო ტესტი მას პარასკევს, აბუ დაბიში ჩაუტარდა და მასზეც უარყოფითი პასუხი იყო.