კალათბურთი

11:40 | 11.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

NBA: საბონისის ორმაგი დუბლი და ანტეტოკუმპოს რეკორდი - ქართველების გუნდებმა მოიგეს (+VIDEO)

NBA-ში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა და ორივე ქართველი კალათბურთელის გუნდმა გამარჯვება მოახერხა. ცუდი სეზონის მიუხედავად, ზედიზედ მესამე თამაში მოიგო „ინდიანა პეისერსმა“. რიკ კარლაილის ნაცვლად გუნდი მისმა ასისტენტმა ლოიდ პერსიმ გაიყვანა, რომლის სამატჩო განაცხადშიც გოგა ბიტაძე იყო, თუმცა მისთვის შანსი არ მიუცია.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. „პეისერსმა“ ყველაფერი ბოლო პერიოდში გადაწყვიტა, როდესაც პერიოდი 11-ქულიანი სხვაობით 24:13, ხოლო საბოლოო ჯამში 106:93 მოიგო.

მარცხის მიუხედავად ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო „დალასის“ ლიდერი, ლუკა დონჩიჩი იყო. 22 წლის სლოვენიელ ფორვარდს სამმაგ დუბლამდე მხოლოდ თითო პასი და მოხსნა დააკლდა. მან 25-დან 11 სროლა ზუსტად გამოიყენა და 27 ქულასთან ერთად 9-9 მოხსნა-პასი დააგროვა, რომელსაც 1 დაფარებაც წაამატა. ლუკამ 8-დან 1 სამქულიანი, 17-დან 10 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისი +- მაჩვენებელი კი -9-ს გაუტოლდა.

სარგებლიანობის მხრივ ყველაზე შედეგიანი „ინდიანას“ ლიეტუველი ფორვარდი, დომანტას საბონისი იყო. 25 წლის კალათბურთელმა 13-დან 9 სროლა გამოიყენა და 24 ქულით, 10 მოხსნითა და 7 შედეგიანი გადაცემით ორმაგი დუბლი გაიფორმა. მან 1-დან 1 სამქულიანი, 12-დან 8 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. საბონისის მარგი ქმედების კოეფიციენტი 23(!) გამოდგა.

„დალასიდან“ კარის ლევერტსაც კარგი თამაში ჰქონდა, რომელმაც 26 ქულას, 6 მოხსნას, 5 პასსა და 1 დაფარებას მოუყარა თავი, ხოლო „პეისერსიდან“ მაილს ტერნერს 17 ქულითა და 10 მოხსნით ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა.

28 თამაშიდან „ინდიანას“ 12 მოგებით და 16 მარცხით მე-13 ადგილი უჭირავს, 14 დეკემბერს კი დასავლეთ კონფერენციის ლიდერ „გოლდენ სტეიტ უორიორზს“ შეხვდება. ჯეისონ კიდის გუნდი 12-13 მოგება-წაგებით მე-8 პოზიციაზეა და 13 დეკემბერს „ოკლაჰომას“ დაუპირისპირდება.

“მაიამი ჰიტთან“ მარცხის შემდგომ გამარჯვება მოიპოვა NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა. „მილუოკი ბაქსი“ სტუმრად „ჰიუსტონ როკეტსს“ შეხვდა, შვიდმატჩიანი წაუგენელი სერია დაუსრულა და 9-ქულით, 123:114 აჯობა.

ყველაფერი დასკვნით პერიოდში გადაწყდა, რომელიც მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდმა შესანიშნავად ჩაატარა და 33:19 იმარჯვა.

გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი იანის ანტეტოკუმპომ შეიტანა. ბერძენმა კალათბურთელმა ინა შეხვედრისგან განსხვავებით ამჯერად მართლა იფრინა და 36:44 წუთში, 41 ქულით, 17 მოხსნით, 5 პასითა და 2 დაფარებით ორმაგი დუბლი გაიფორმა. იანისმა 19-დან 15 სროლა გამოიყენა. მან 3-დან 1 სამქულიანი, 16-დან 14 ორქულიანი და 14-დან 10 საჯარიმო ჩააგდო. გარდა ამისა ანტეტოკუმპომ 1 რეკორდიც მოხსნა. მას კარიერაში 805 ბლოკი დაუგროვდა და ამ შედეგით ალტონ რისტერს (804) გადაასწრო.

„მილუოკიდან“ იანისის გარდა მიდლტონმა 21 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი, ხოლო პორტისმა ასევე 21 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 3 დაფარება მიითვალა. „ჰიუსტონიდან“ კი მათეუსს 23 ქულასთან ერთად 4 მოხსნა და 2 დაფარება, ბრუკს კი 21 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება ჰქონდა. ანტეტოკუმპოს გარდა ორმაგი დუბლი კრისტიან ვუდმა მიითვალა. „როკეტსის“ ფორვარდმა 21 ქულა, 13 მოხსნა და 1 პასი გამოიმუშავა.

"მილუოკი" 17:10-ზე მოგება-წაგების ბალანსით მე-3 ადგილზეა და ხვალ „ნიუ იორკ ნიქსს“ შეხვდება. „ჰიუსტონი“ კი 8 მოგებითა და 17 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს, რომელიც ხვალ, სტუმრად „მემფის გრიზლთან“ ითამაშებს.

0.143729