„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი სენეგალის ნაკრების თავკაცმა ალიუ სისემ გააკრიტიკა. როგორც აფრიკელმა სპეციალისტმა თქვა, იურგენი ამპარტავანი ადამიანია, რომელსაც პატივს არ სცემს.
სისეს გაბრაზება კლოპის განცხადებამ გამოიწვია, რადგან გერმანელმა აფრიკის თასს „პატარა ტურნირი“ უწოდა. სენეგალელი მწვრთნელი კი, ფიქრობს, რომ კლოპი წარმატებული აფრიკელი ფეხბურთელების წყალობითაა.
„თავი ვინ ჰგონია? მე სენეგალის ნაკრებებს ვავარჯიშებ, ჩემი ფეხბურთელი კლოპთან „ლივერპულში“ თამაშობს. მე პატივს ვცემ ამ კლუბს, მაგრამ არა კლოპს, რომელიც აფრიკულ ფეხბურთს ძირს უთხრის. ის, სადაც ახლა არის, აფრიკელი ფეხბურთელების წყალობითაა.
ყველა ფინალი წააგო, სანამ სალაჰი, მანე და მატიპი არ დაეხმარნენ პირველი ევროპული ფინალის მოგებაში. ის აფრიკის თასს „პატარა ტურნირს“ უწოდებს, მაგრამ მისი მონაწილეთა რაოდენობა 24 გუნდია, როგორც უეფას ევროპის ჩემპიონატის და ჰყავს ისეთივე ვარსკვლავები, რომლებიც ახლა მას ლივერპულის გაბრწყინებაში ეხმარებიან. აფრიკის თასი იგივე ხარისხისაა, რაც ევროპის ჩემპიონატი. მიხარია, რომ მანე ისევ თავმდაბალია, მიუხედავად იმისა, რომ ამპარტავან კაცთან მუშაობს“, - თქვა სისემ.
შეგახსენებთ, რომ აფრიკის თასის 2022 წლის გათამაშება 9 იანვარს დაიწყება და 6 თებერვალს დასრულდება.