სხვა

5:00 | 29.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

შიფრინმა სტენმარკის რეკორდი გაიმეორა

ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა, კილინგტონში (აშშ, შტატი ვერმონტი) გამართულ სლალომში, სლოვაკ პეტრა ვლჰოვას აჯობა და მსოფლიო თასის სლალომში, კარიერაში 46-ე გამარჯვება მოიპოვა. ამით მან ლეგენდარული შვედის, ინგემარ სტენმარკის მიღწევა გაიმეორა, ვისაც აქამდე, ერთ სახეობაში ყველაზე მეტი რბოლა ჰქონდა მოგებული.

პირველი ცდის შემდეგ, შიფრინი ვლჰოვას, ვინც ბროლის დიდი გლობუსის მფლობელია, 0.20 წამით ჩამორჩებოდა. მაგრამ მეორე ცდაზე უსწრაფესი იყო, ვლჰოვამ კი შეცდომა დაუშვა და მეორე შედეგს დასჯერდა. მესამე ადგილი შვეიცარიელმა ვენდი ჰოლდენერმა დაიკავა.

ცნობისათვის, სტენმარკს გიგანტურ სლალომში მსოფლიო თასის 46 რბოლა აქვს მოგებული. გარდა ამისა, სლალომში 40 რბოლის გამარჯვებულიცაა. მისი კარიერა 1973-1989 წლებში გრძელდებოდა. მასვე ლეიკ პლესიდის (აშშ) ზამთრის 1980 წლის თამაშებზე, ორივე დისციპლინაში, ოქროს მედლები აქვს მოპოვებული.

„დღეს დიდი ბრძოლა გვქონდა. ჩემი გამოსვლით კმაყოფილი ვარ. მეორე ცდაზე მცირე შეცდომა დავუშვი, მაგრამ ის უმნიშვნელო იყო, პეტრას შეცდომასთან შედარებით“, - განაცხადა თვალცრემლიანმა შიფრინმა, ვინც ფინეთში ჩატარებულ სლალომის ორივე რბოლაში, მხოლოდ ვლჰოვასთან დამარცხდა.

0.112322