გერმანიის ბუნდესლიგა სანაკრებო პაუზის შემდეგ განახლდა და მიუნხენის „ბაიერნმა“ სენსაციური მარცხი განიცადა. იულიან ნაგელსმანის გუნდი ამ ტურამდე გასავარდნ ზონაში მყოფ „აუგსბურგს“ ესტუმრა და ვინ წარმოიდგენდა და რომ შინ უქულოდ დაბრუნდებოდა...
„რეკორდმაისტერმა“ შეხვედრა ცუდად დაიწყო და თავიდან ორი გოლი გაუშვა. პედერსენისა და ჰანის გოლებით მასპინძლებმა კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს, რასაც 38-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ უპასუხა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.
მეორე ტაიმში „ბაიერნს“ არაერთხელ შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ საგოლე მომენტები სათანადოდ ვერ გამოიყენა და უქულოდ დარჩა. მიუნხენურმა გიგანტმა მიმდინარე სეზონში მეორე მარცხი განიცადა, პირველად შინ „აინტრახტთან“ დამარცხდა, თუმცა, 28 ქულით ლიდერის პოზიციაზე იმყოფება. ვთქვათ, რომ „დორტმუნდი“ თუ მოიგებს („შტუტგარტთან“), ჩამორჩენას ქულამდე შეამცირებს.
ისიც გავიხსენოთ, რომ „ბაიერნმა“ დაახლოებით 1 თვის წინ გერმანიის თასზე „გლადბახთან“ 0:5 წააგო და თასის გათამაშებას უკვე გამოეთიშა.
„აუგსბურგი“ – „ბაიერნი“ 2:1 (2:1)
გოლები: 1:0 პედერსენი (23), 2:0 ჰანი (36), 2:1 ლევანდოვსკი (38)