ჩოგბურთი

2:59 | 16.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა ATP-ს ფინალი მოგებით დაიწყო

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა სეზონის დამამთავრებელი ტურნირი, ATP-ს ფინალი, რომელსაც ქალაქი ტურინი მასპინძლობს, მოგებით დაიწყო. მან ნორვეგიელი კასპერ რუუდი 7-6(4) 6-2 დაამარცხა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, სეზონის პირველ ჩოგნად დასრულებისთვის განკუთვნილი თასი (ფოტოზე) ჩაიბარა.

სერბი თავის პირველივე გეიმის დროს, ბადესთან გასვლისას დაეცა და მეტოქეს დაწინაურებაში შეუწყო ხელი. ბედად, ტრავმა არ მიუღია. სეტი საპასუხო ბრეიკით გადაარჩინა, მერე კი ტაიბრეიკზე გაიმარჯვა და სეტებში დაწინაურდა. მეორე სეტი კი მისთვის იოლი გასეირნება გამოდგა.

22 წლის რუუდისთვის, ვინც ამ სეზონში ხუთი ტურნირი მოიგო, ATP-ს ფინალში დებიუტი წარუმატებელი გამოდგა. პირველ სეტში ის მძლავრი მოწოდებით ახერხებდა ფონს გასვლას, მაგრამ ჯოკოვიჩმა კარგად გააზრებული თამაშით აჯობა და ბევრი შეცდომაც დააშვებინა.

„უცნაური დასაწყისი იყო. წაღმა კარგად დავარტყი და ბადესთან გავედი, საიდანც თავს ზემოდან დარტყმით, იოლი ქულა უნდა ამეღო. მაგრამ ფეხი დამიცდა და ჩოგანი ხელიდან გამივარდა. ასე დავკარგე ჩემი მოწოდება. აქ რთული პირობებია და თუ მოწოდებას აგებ, მერე მისი დაბრუნება რთულია. თუმცა მე ეს მოვახერხე და საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ თამაშით“, - განაცხადა ჯოკოვიჩმა, ვისაც თამაშის შემდეგ, სეზონის მსოფლიოს პირველი ჩოგნის რანგში დასრულებისთვის განკუთვნილი თასი გადაეცა.

„ოთხი ან ხუთი წლის ვიყავი, როცა ვნახე სამპრასის პირველი გამოსვლა უიმბლდონზე. მაშინვე ჩოგანი მოვითხოვე და მალე ჩოგბურთი შემიყვარდა. ახლა კი, როცა ვიცი, რომ პიტის შემდეგ, ამ თასის მფლობელი რეკორდულად დიდხანს ვარ, სიამაყით ვივსები“, - განაცხადა 34 წლის სერბმა.

0.118869