ჩოგბურთი

4:57 | 8.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა პარიზის მასტერსი მეშვიდედ მოიგო

ნოვაკ ჯოკოვიჩმა პარიზის მასტერსის ფინალში, რუს დანიილ მედვედევს 4-6, 6-3, 6-3 მოუგო და ტურნირის ჩემპიონის მეშვიდე ტიტული მოიპოვა. ეს მის კარიერაში, მასტერსის სერიის ტურნირებზე 37-ე ტრიუმფია. და ის მეშვიდე სეზონს დაასრულებს მსოფლიოს პირველი ჩოგნის რანგში.

სერბს დრო დასჭირდა იმისათვის, რომ მედვედვის დაცვისთვის ალღო აეღო. და როგორც კი ეს შეძლო, შეუჩერებელი გახდა. სერბისთვის ეს ამ სეზონში მასტერსის პირველი ტიტულია. 2017 წლის შემდეგ, მას მასტერსის ტიტულის გარეშე, არცერთი სეზონი არ დაუმთავრებია.

ორი თვით ადრე, სწორედ მედვედევი იყო ის ჩოგბურთელი, რომელმაც ჯოკოვიჩს აშშ-ის ღია პირველობაზე გამარჯვებაში ხელი შეუშალა. რუსმა, ვინც მოქმედი ჩემპიონის სტატუსით თამაშობდა, მეტოქეს დასაწყისში უკანა ხაზიდან მონოტონური თამაში მოახვია თავს და მიზანსაც მიაღწია. თან ჯოკოვიჩმა ბევრი შეცდომაც დაუშვა.

შეხვედრის პირველივე გეიმი მედვედევის გამარჯვებით დასრულდა. ჯოკოვიჩმა მეოთხე გეიმში გაათანაბრა ანგარიში. მაგრამ მეშვიდეში ისევ რუსი დაწინაურდა. ამის შემდეგ, მან თავის მოწოდებაზე ზედიზედ ორი გეიმი მოიგო და პირველი სეტიც გამარჯვებით დაასრულა.

მეორე სეტში სერბმა სწრაფად მოიპოვა უპირატესობა და 3-1 დაწინაურდა. მეცხრე გეიმში, მედვედევს ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცა, მაგრამ ჯოკოვიჩმა ერთი ბრეიკ პოინტი აგრესიული თამაშით გაქვითა, მეორე კი - ეისით. იმავე გეიმში მედვედვმა კიდვ ერთი ბრეიკ პოინტი მიიღო, ჯოკოვიჩმა არც მისი გამოყენების საშუალება მისცა. სერბმა სეტებში ანგარიში ეისით გაათანაბრა.

გადამწყვეტ სეტში, ჯოკოვიჩმა მეხუთე გეიმში მიაღწია ბრეიკს და 3-2 დაწინაურდა. ამას მედვედევმა შეცდომებით უპასუხა და მალე ანგარიში 5-2 გახდა სერბის სასარგებლოდ. მაგრამ როდესაც მატჩზე აწოდებდა, ის მოდუნდა და მეტოქეს ერთი ბრეიკის გაქვითვის საშუალება მისცა. თუმცა ამას სერბის მიერ, მეტოქის მოწოდებაზე მოგებული გეიმი მოჰყვა, რითაც მან შეხვედრას წერტილი დაუსვა.

თამაშის შემდეგ, მედვედევმა დაიწუწუნა, ტრიბუნა მეტისმეტად ხმაურობდა და ამან თამაშში ხელი შემიშალაო. ასეა თუ ისე, ფლეშინგ მედოუსზე მიღწეული წარმატების გამეორება ვერ შეძლო.

0.117304