ჭიდაობა

10:55 | 7.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ერთი ბრინჯაოს შანსი: წარუმატებელი 23-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ძალზე წარუმატებლად მიმდინარეობს 23-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, რომლის ბოლო საშეჯიბრო დღის წინ საქართველოს მედალი არ მოუპოვებია და ამის შანსი მხოლოდ ერთ მოჭიდავეს აქვს.

79 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალთან ახლოს იყო გოგა მამიაური, რომელმაც ყაზახ ბიბარის ნურიალაულისთან 7:3 მოიგო და თურქ რამაზა იშაკ სარისთან 0:6 დამარცხდა, რომელიც ფინალში გავიდა და ქართველს მედლის შანსი გაუჩინა. მამიაური რეპეშაჟში იაკობ ვესლი მარშს შეხვდა, რომელსაც 8:4 აჯობა, მაგრამ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ბოლო ქულის წესით სომეხ არმან ავაგიანთან წააგო (4:4).

97 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს შანსი ჰქონდა ზურიკო ურთაშვილს, რომელმაც ბულგარელ ცვეტან ევტიმოვთან 11:1 მოიგო, ხოლო ირანელ ამირალი ჰამიდ აზარპირასთან 3:5 დამარცხდა, თუმცა მან ფინალში გასვლა მოახერხა და ქართველი რეპეშაჟში ბელარუს ვასილ პაულიუჩენკას შეხვდა, მაგრამ მასთან 8:10 წააგო და ბრინჯაოსთვის ვეღარ იჭიდავა.

74 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს შანსი აქვს თემურ ბერუაშვილს, რომელმაც იტალიელი იაკოპო მაზოტი 11:0 და თურქი ისა დემირი 13:5 დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში რუს ჩერმენ ვალიევთან 0:6 წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟის გამარჯვებულს შეხვდება.

თეიმურაზ ვანიშვილმა (61 კგ) პირველ წრეში უზბეკ სარდორ რუზიმოვთან მოიგო (3:3), მაგრამ შემდეგ ფრანგ არმან ელოიანთან 3:4 დამარცხდა, რომელიც თავის მხრივ ფინალში ვერ გავიდა და ჩვენებურისთვის ასპარეზობა დასრულდა. დემურ მეგენეიშვილმა (86 კგ) პირველ წრეში კანადელ ჰანტერ ლისთან 2:13 წააგო, კანადელი ფინალში ვერ გავიდა და ქართველმა ასპარეზობა დაასრულა. ლუკა ხუჭუამ (92) გერმანელ იოჰანეს მაიერთან პირველივე წრეში 1:4 წააგო და მისი მძლეველიც ვერ გავიდა ფინალში, რის შედეგადაც ლუკა ასპარეზობას გამოეთიშა. სოლომონ მანაშვილმა კვალიფიკაციის შეხვედრა უკრაინელ იური იძინსკის 12:1 აჯობა, მაგრამ მერე ბელარუს იაროსლავ სლავიკოუსკისთან 1:8 წააგო და ვინაიდან ბელარუსმა ფალავანმა ფინალს ვერ უწია, ქართველი რეპეშაჟს მიღმა აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, 23-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს წარმომადგენელი 10-ვე წონაში ჰყავდა, თუმცა მხოლოდ ერთი მედლის შანსი არსებობს (ბრინჯაო). მანამდე 23-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩატარდა, რომელშიც საქართველომ ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

0.112852