ფეხბურთი

2:25 | 3.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

მორიგი საოცრება რონალდუსგან: "იუვენტუსი" და "ბაიერნი" მერვედფინალში გავიდნენ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის ნახევარი მიილია და ორი მერვედფინალისტის ვინაობა ცნობილი გახდა. ერთი „ბაიერნია“ და მეორე „იუვენტუსი“. პარალელურად, „მანჩესტერ იუნაიტედის“ გმირი ისევ კრიშტიანუ რონალდუ გახდა, რომელმაც უკვე მერამდენედ იხსნა თავისი გუნდი, ალბათ, ბევრს სათვალავიც აერია...

E ჯგუფი

მიუნხენის „ბაიერნი“ რომ პლეი-ოფიში ორი ტურით ადრე გავიდა, ამაში უცნაური და გასაკვირი არაფერია. იულიან ნაგელსმანის გუნდმა მორიგი შოუ ლისაბონის „ბენფიკასთან“ საშინაო მატჩში დადგა. „ბაიერნი“ ისეთი გუნდი გახდა, რომელიც გოლებს უშვებს, მაგრამ იმდენს გაიტანს, რამდენსაც მოინდომებს. ახლაც ასე იყო. პორტუგალიელებმა „ალიანს არენაზე“ ორჯერ იხეირეს, მაგრამ ხუთჯერ გაუშვეს. რობერტ ლევანდოვსკიმ ისევ გაიბრწყინა, ჰეთ-თრიქი შეასრულა! საგოლე პასიც გააკეთა სხვათა შორის, და პენალტიც გაცუდებაც მოასწრო.

„ბარსელონამ“ კიევის „დინამოსთან“ სტუმრად უმძიმესი, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ანსუ ფატიმ მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე შეაგდო და ესპანურ გუნდს მერვედფინალი დაანახა. საქმე ისაა, რომ ახლა ყველაფერი „ბარსას“ ხელთაა და თუ მომდევნო ტურში შინ „ბენფიკას“ მოუგებს, მერვედფინალში გავა. არადა, ორი ტურის წინ კარშიც არ ჰქონდა დარტყმული.

„ბაიერნი“ 12 ქულით ლიდერია და პირველ ადგილშიც ალბათ ვერავინ შეეცილება, „ბარსელონას“ 6, „ბენფიკას“ 4 და „დინამოს“ 1 ქულა აქვს.

„ბაიერნი“ – „ბენფიკა“ 5:2 (2:1)

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (26), 2:0 გნაბრი (32), 2:1 მორატო (38), 3:1 სანე (49), 4:1 ლევანდოვსკი (61), 4:2 ნუნიესი (74), 5:2 ლევანდოვსკი (84)

„დინამო კიევი“ – „ბარსელონა“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ნასუ ფატი (70)

F ჯგუფი

ერთხელ შეიძლება გაგიმართოს, მაგრამ ორჯერ და ახლა უკვე სამჯერ, ყველაფერი კანონზომიერებაა. კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერს“ „ვილიარეალთან“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე მოაგებინა, ინგლისელები „ატალანტასთან“ წინა ტურში 0:2 მარცხდებოდნენ და 3:2 მოიგეს, რონალდუს 83-ე წუთზე გატანილი გოლით და იგივე ისტორია განმეორდა იტალიაშიც. მართალია, ამჯერად პორტუგალიელის გოლი გამარჯვების არ ყოფილა, მაგრამ დიდი ალბათობით, მერვედფინალის საგზურის მომტანი ნამდვილად იყო.

„ატალანტა“ იოსიპ ილიჩიჩის გოლით იგებდა, თუმცა, პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში რონალდუმ გაათანაბრა. იტალიური გუნდი დუვან საპატამ დააწინაურა მეორე ტაიმის სტარტზე და საქმე გამარჯვებამდე მიჰყავდა, როცა 92-ე წუთზე კრიშტიანუმ ისევ გაათანაბრა! უბრალოდ, საოცარია, მაგრამ ფაქტია - ისევ ის!

პარალელურად „ვილიარეალმა“ „იანგ ბოისთან“ იოლად და დაგეგმილად, 2:0 მოიგო. შედეგად, ჯგუფს ის და „მანჩესტერი“ 7-7 ქულით ლიდერობენ, „ატალანტას“ 5 ქულა აქვს და „იანგ ბოიზს“ – 3. არადა, რომ არა რონალდუს გოლი ბოლო წუთზე, ახლა ინგლისური გუნდი მესამე ადგილზე და ურთულეს მდგომარეობაში იქნებოდა, ხოლო უფრო შორს რომ წავიდეთ და რომ არა მეორე და მესამე ტურში პორტუგალიელის გმირობებიც, ახლა ოლე გუნარ სულშერის გუნდი ჯგუფში ჩარჩენილი იქნებოდა! ასეა, ერთ კაცს შეუძლია განსხვავების შექმნა და მითუმეტეს, თუ ის კაცი კრიშტიანუა...

„ატალანტა“ – „მანჩესტერი“ 2:2 (1:1)

გოლები: 1:0 ილიჩიჩი (12), 1:1 რონალდუ (45), 2:1 ძაპატა 956), 2:2 რონალდუ (90)

„ვილიარეალი“ – „იანგ ბოისი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 კაპო (36), 2:0 დანჯუმა (89)

G ჯგუფი

პირველად წააგო მიმდინარე სეზონში ავსტრიულმა „ზალცბურგმა“, რომელიც გერმანიაში „ვოლფსბურგთან“ დამარცხდა. არადა, იბრძოლა და შეეძლო ქულის მოპოვება. მიუხედავად ამისა, ჯგუფს ისევ ერთპიროვნულად ლიდერობს და მერვედფინალში გასვლის ყველაზე კარგი შანსიც აქვს.

„სევილიას“ კი ყველაზე ცოტა, რადგან ზედიზედ სამი ფრის მერე ანდალუზიური გუნდი შინ „ლილთან“ დამარცხდა, იმის მიუხედავად, რომ თავიდან იგებდა. „სევილია“ 3 ქულით ბოლოა, „ზალცბურგი“ 7 ქულით ლიდერი და შუაში „ვოლფსბურგი“ – „ლილის“ დუეტია 5-5 ქულით. ამ ჯგუფში მთელი ბრძოლები წინაა.

„ვოლფსბურგი“ – „ზალცბურგი“ 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 ბაკუ (3), 1:1 ვიობერი (30), 2:1 ნმეჩა (60)

„სევილია“ – „ლილი“ 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 ოკამპოსი (15), 1:1 დავიდი (43), 1:1 იკონი (51)

H ჯგუფი

„იუვენტუსი“ რამდენადაც კატასტროფულია იტალიის ჩემპიონატში, იმდენად კარგია ჩემპიონთა ლიგაზე. მაქს ალეგრის გუნდმა „ზენიტთან“ ნამდვილად ლამაზი ფეხბურთი ითამაშა და გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა - 4:2. სხვაობა უფრო დიდი იქნებოდა, საგოლე მომენტები მასპინძლებს უკეთ რომ გამოეყენებინათ და და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში რომ არ გაეშვათ. განსაკუთრებით პაულო დიბალამ გაიბრწყინა, რომელმაც დუბლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

ლონდონის „ჩელსიმ“ კი შვედეთში „მალმიოსთან“ იწვალა და ჰაკიმ ზიეჩის ერთადერთი გოლით მოიგო. „იუვენტუსი“ 12 ქულით უკვე მერვედფინალის წევრია, იქამდე თითქმის არაფერი (1 ქულა) უკლია „ჩელსის“, რომელიც 9 ქულით მეორეა, ხოლო „ზენიტსა“ (3 ქულა) და „მალმიოს“ (0) ევროპა ლიგის საგზურისთვის მოუწევთ ბრძოლა, მაგრამ აქაც თითქმის ყველაფერი გარკვეულია. რეალურად ამ ჯგუფში ერთადერთი ინტრიგა პირველი ადგილის ბედია, რომელიც მომდევნო ტურში, „ჩელსი“ – „იუვეს“ ლონდონურ დუელში უნდა გაირკვეს.

„მალმიო“ – „ჩელსი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ზიეჩი (56)

„იუვენტუსი“ – „ზენიტი“ 4:2 (1:1)

გოლები: 1:0 დიბალა (11), 1:1 ბონუჩი (26, ა.გ), 2:1 დიბალა (58, პენ), 3:1 კიეზა (73), 4:1 მორატა (82), 3:2 აზმუნი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.186101