ფეხბურთი

20:14 | 28.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმი" საქართველოს თასის ნახევარფინალშია

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ბოლო მეოთხედფინალური მატჩი თბილისის „ლოკომოტივსა“ და „დინამო ბათუმის“ შორის გაიმართა, რის შედეგადაც, ნახევარფინალი დაკომპლექტდა.

თამაში სტუმრების უპირატესობით წარიმართა და გამარჯვებაც არ გასჭირვებიათ - 3:1. გია გეგუჩაძის გუნდმა თავიდანვე კარგად დაიწყო და უკვე მეოცე წუთზე კომფორტული უპირატესობით იგებდა. ანგარიში მე-15 წუთზე ჯაბა ჯიღაურმა გახსნა, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა და რევაზ თევდორაძეს აჯობა. 5 წუთში სტუმრებმა უპირატესობა გაზარდეს და ამჯერად თავი გიორგი ფანცულაიამ გამოიჩინა.

პირველი ტაიმის მეორე ნაწილი უკვე „ლოკომოტივის“ უპირატესობით წარიმართა, ჯერ თორნიკე კირკიტაძემ სხვაობა შეამცირა, ხოლო შემდეგ გათანაბრება ორჯერ შეეძლო, მაგრამ იმავე კირკიტაძეს და ირაკლი სიხარულიძეს ლაზარე კუპატაძემ აჯობა და ტაიმი ბათუმელებმა 2:1 მოიგეს.

მეორე ნახევარში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ვეღარ გაიბრძოლა და საგოლე მომენტიც ვეღარ შექმნა. სტუმრებმა კი ორბურთიანი უპირატესობა 54-ე წუთზე მოიპოვეს, როდესაც ვლადიმერ მამუჩაშვილმა შორი მანძილიდან გაიტანა და როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„დინამო ბათუმის“ გარდა, საქართველოს თასის ნახევარფინალში „სამგურალი“, „შუქურა“ და „საბურთალო“ ითამაშებენ. წყვილები ჯერჯერობით ცნობილი არაა.

„ლოკომოტივი“ – „დინამო ბათუმი“ 1:3 (1:2)

გოლები: 0:1 ჯიღაური (15), 0:2 ფანცულაია (20), 1:2 კირკიტაძე (35), 1:3 მამუჩაშვილი (54)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126647