პირველი ლიგის მეხუთე ტურში ‘არმიამ’ მორიგი წარმატებით ლიდერობა შეინარჩუნა. „არმიელები“ მონაწილეთა შორის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩებიან.
სეზონის წინ გვარიანად გაძლიერებულმა ‘არწივებმა’ მიჯრით მეოთხე მატჩი მოიგეს და ცხრილში მეორე პოზიცია გაიმყარეს. უჩვეულოდ მაღალი სამატჩო შედეგიანობით გამორჩეულმა ‘ტაომ’ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვებით ლიდერთა სამეულში პირველად აინაცვლა. აუტსაიდერებმა, ‘ჭადარმა’ და ‘ბორჯომმა’ ადგილები გაცვალეს. მონაწილეთა შორის ერთადერთი მოუგებლად მყოფი კახელები ცხრილის ფსკერზე, მე-10 ადგილზე დაეშვნენ. თორელებმა კი ბოლო ადგილიდან ერთბაშად 2 პოზიციით აინაცვლეს. ელტადან დაქვეითებულმა ‘არმაზმა’ სეზონში მესამე შეხვედრა დათმო, რის გამოც ქვემო ქართლელები მეშვიდე პოზიციამდე დაქვეითდნენ და თან სერიოზული კრიზისის ხანაც უდგათ.
ტური მუხიანში ‘არმია’-‘ჯიქის’ დაპირისპირებით დაიწყო. წინა ტურის შეხვედრის მსგავსად, „არმიელებს“ ტოლ-სწორი მეტოქე ამჯერზეც არ ყავდათ. ფავორიტი უპირატესობის მოპოვებას უპირატესად სტატიკის ხარჯზე ცდილობდა, რაც ბექა სხულუხიას შეგირდებს აშკარად გამოუვიდათ. „არმიელებმა“ მატჩის ოთხივე ლელო შერკინებიდან და კარგად მოწყობილი მოლის წყალობით გაიტანეს. პირველ ნახევარში ‘არმიას’ კაპიტან გიორგი გელაშვილის ლელოს, მარბიელმა ლევან დარასელიამ „დუბლი“ დაურთო. მეორე ტაიმის შუაწელს კი „არმიელთა“ უპირატესობა მარქაფადან ჩართული ბურჯის დავით ბარბაქაძის ლელომ გაამყარა. შეხვედრის მიწურულს მგეზავ ნიკა შანიძის ჯარიმამ ‘ჯიქი’ „მშრალი“ ანგარიშით მარცხს ააცილა, თუმცა ეს შიდა ქართლელთათვის დიდი ვერაფერი ნუგეში გახლდათ – 22:3. ‘ჯიქი’ ცხრილის ბოლოსწინა, მეცხრე ადგილამდე დაქვეითდა. აღსანიშნავია, რომ ‘არმიამ’ მიჯრით მეორე შეხვედრაში მეტოქე კინკილა ჯარიმას დააჯერა. მორიგ ტურში კი „არმიელებს“, მარნეულის ‘არმაზის’ სახით გაცილებით სოლიდური მეტოქე ეყოლებათ.
ტურში განსაკუთრებულ ყურადღებას ოზურგეთში, ‘არწივებისა’ და პატარძეულის ‘ვეფხვების’ დაპირისპირება იპყრობდა. სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი მეტოქენი ელიტას უმიზნებენ და მატჩმაც ორმაგი დატვირთვა შეიძინა.
პირველი ნახევარი გურულთა კარნახით წარიმართა. მასპინძლები შერკინებაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და ხაზშიც გარე კახელებზე უკეთ გამოიყურებოდნენ. მარბიელ დათო დოლიძის „დუბლის“, მგეზავ მამუკა ჩანჩიბაძისა და შუამარაბ ლაშა დონაძის ლელოთა წყალობით, საწყის 30 წუთში ‘არწივებმა’ 26-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. ‘ვეფხვებმა’ ამის შემდეგღა მოახერხეს თამაშის გათანაბრება. პირველი ტაიმის მიწურულს 1 საპასუხო ლელო სტუმართა კაპიტანმა და მხტომელმა ზაურ შაქარაშვილმა გაიტანა. მეორე ნახევარში დიდი მცდელობის მიუხედავად, გარე კახელებმა მატჩის შემოტრიალება ვერ შეძლეს, მასპინძელთა ორგანიზებულ დაცვას ვერაფერი მოუხერხეს და მწირქულიან ტაიმში მგეზავ მურთაზ ჩიხლაძის კინკილა ჯარიმას დაჯერდნენ – 26:8. ‘არწივებმა’ შეხვედრა საშური პრემიით მოიგეს, ცხრილში მეორე პოზიცია გაიმყარეს და ლიდერ ‘არმიასთან’ 2-ქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნეს.
სამცხე ჯავახეთის ‘ტაომ’ ლიდერთა სამეულში აინაცვლა. წინა ტურის მსგავსად, მალხაზ ჭეიშვილისა და სანდრო ესაკიას შეგირდები ლაღი, სწრაფი, გააზრებული და შედეგიანით თამაშით გამოირჩნენ. მესხებმა ბოლო 2 ტურში სოლიდურ მეტოქეებთან ჯამში 112 სამატჩო ქულის დაგროვება მოახერხეს, 16 ქულით სატურნირო ცხრილის მესამე საფეხურზე აინაცვლეს და თან ლიგის ყველაზე შედეგიან კოლექტივად რჩებიან.
მოწინავე კვარტეტში მყოფ ‘ბაგრატთან’ საშინაო შეხვედრაში ‘ტაო’ უპირატესობას პირველივე წუთებიდან დაუფლა და ტაიმში 40 ქულაც მიითვალა. მესხებს შეტევები არც მეორე ნახევარში შეუნელებიათ, რაც მასპინძელთა მთლიანობაში გატანილ 9 ლელოში აისახა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ‘ტაოს’ შუამარბ გიგი გიგინეიშვილის პროდუქტიული გარჯა, ვინაც „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა. მეორე ნახევარში მარბიელ მიტრო სალდაძის ლელომ რიონისპირელებს ბევრი ვერაფერი შემატა – 61:8.
თელავის „კავკასიონი არენაზე“, ‘ჭადარი’-‘ბორჯომის’ შეხვედრა უშეღავათო ბრძოლით აღინიშნა. ორივე გუნდის მთავარ ამოცანას ლიგაში დარჩენა წარმოადგენს. მართალია აუტსაიდერთა ჯახში ფავორიტად კახელები ითვლებოდნენ, თუმცა თორელებმა შესაშური თავდადება და ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნეს.
პირველ ნახევარში ბორჯომელთა შუამარბ ნიკა დიღმელაშვილის დადებული ლელო თორელთათვის ისტორიული გამოდგა. დებიუტანტმა ჩემპიონატში პირველი ლელო გაიტანა, პირველი გამარჯვება მოიპოვა და პირველ სამატჩო ქულებთან ერთად, ცხრილში ბოლო ადგილს თავი პირველად დააღწია. ფულბეკ ლადო ეფხოშვილის გატანილი წყვილი ჯარიმის შემდეგ, ‘ბორჯომის’ უპირატესობამ 11 ქულას უწია. გვიან გამოფხიზლებული კახელები მარბიელ გიორგი ღვედაშვილის გარდასახული ლელოთი მხლოდ ნუგეშ-ქულას გამორჩნენ – 7:11.
ტური მუხიანში ‘ხვამლისა’ და ‘არმაზის’ შეხვედრით დასრულდა. პრინციპულ მეტოქეთა რკენაში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და შესვენებაზე 18-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. დავით ცხვედიანის ბიჭები განსაკუთრებით შერკინებაში მძლავრობდნენ და მუხიანელთა გატანილი სამივე ლელო მორკინალთა აქტიურობის შედეგია. ‘ხვამლის’ მხტომელ ტარიელ გვიმრაძის შესრულებულ „დუბლს“, დადებული ლელოთი ბურჯმა გიორგი ვარდოსანიძემაც შეაშველა ხელი. ‘ხვამლის’ მგეზავმა ბესიკ თაყნიაშვილმა 5 ჯარიმა ძელებს შუა ზუსტად გაატარა და საკუთარი გუნდის მიჯრით მეორე გამარჯვება დააფიქსირა – 32:12.
მეორე ნახევარში ‘არმაზის’ ბურჯ ჯანო მაისურაძისა და ფრთა ბექა დარბაიძის დადებულმა ლელოებმა მუხიანელებს პრემიის აღება არ დაანება. ამის მიუხედავად ‘ხვამლმა’ ქვემო ქართლელებს ცხრილში პირისპირ ბალანსით გადაასწრო და მეექვსე პოზიციაზეც აინაცვლა.