გერმანიის ბუნდესლიგას ოთხი ტურის შემდეგ ერთადერთი უდანაკარგო გუნდი ჰყავს - „ვოლფსბურგი“. „მგლებმა“ მიჯრით მეოთხე გამარჯვება სტუმრად „ფიურტთან“ ნმეჩასა და ვერგოსტის გოლებით მოიპოვეს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ.
„ვოლფსბურგს“ კვალში „ბაიერნი“ უდგას, რომელმაც ტურის ცენტრალურ მატჩში სტუმრად იულიან ნაგელსმანის ყოფილ გუნდს, „ლაიფციგს“ ძალიან იოლად აჯობა. მიუნხენური გიგანტი შესანიშნავ ფორმაშია და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. მოედანი უგოლოდ კვლავ არ დატოვა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელმაც მიჯრით მე-17 მატჩში გაიტანა და აწ გარდაცვლილი გერდ მიულერის რეკორდი დაამხო. „ბაიერნმა“ „რედ ბულ არენაზე“ გაილაღა და ცხადია, შორს არ არის ის დრო, როცა სატურნირო ცხრილში გალიდერდა.
ტურის ყველაზე მაგარი მატჩი კი „ბაი არენაზე“ შედგა, სადაც „ლევერკუზენმა“ „დორტმუნდს“ უმასპინძლა და სამჯერ უგებდა, მაგრამ წააგო. „ფარმაცევტებმა“ ტაიმი 2:1 მოიგეს, მერეც იგებდნენ 3:2-ს, მაგრამ ბოლოს ორი გოლი გაუშვეს და უქულოდ დარჩნენ. მატჩის გმირი კი ცხადია, ერლინგ ჰოლანდი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და გამარჯვების გოლიც გაიტანა. „დორტმუნდს“ 9 ქულა აქვს და მესამე-მეოთხე ადგილებს „მაინცისთან“ ერთად იყოფს.
„ლევერკუზენი“ – „დორტმუნდი“ 3:4 (2:1)
გოლები: 1:0 ვირტცი (9), 1:1 ჰოლანდი (37), 2:1 შიკი (45), 2:2 ბრანდტი (49), 3:2 დიაბი (55), 3:3 გერეირო (71), 3:4 ჰოლანდი (77, პენ)
„ფრაიბურგი“ – „კიოლნი“ 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 მოდესტე (34), 1:1 შიჩოსი (89, ა.გ)
„ფიურტი“ – „ვოლფსბურგი“ 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 ნმეჩა (10), 0:2 ვერგოსტი (90, პენ)
„ჰოფენჰაიმი“ – „მაინცი“ 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 ბურკარდტი (21), 0:2 ინგვარტსენი (77)
„უნიონი“ – „აუგსბურგი“ 0:0 (0:0)
„ლაიფციგი“ – „ბაიერნი“ 1:4 (0:1)
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (12, პენ), 0:2 მუსიალა (47), 0:3 სანე (54), 1:3 ლაიმერი (58), 1:4 ჩუპო-მოტინგი (90)