კატალონიის „ბარსელონას“ მცველი ემერსონ როიალი ლონდონის „ტოტენჰემში“ გადავიდა. ტრანსფერი ორივე კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
ბრაზილიელის სანაცვლოდ ინგლისურმა კლუბმა 25 მილიონი ევრო გადაიხადა და ფეხბურთელს ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ემერსონი „დეზების“ ღირსებას 12-ნომრიანი მაისურით დაიცავს და წელიწადში ხელფასის სახით 3 მილიონ ევროს მიიღებს.
„ბარსელონამ“ ემერსონ როიალი 2019 წელს „ატლეტიკო მინეიროდან“ შეიძინა, მაგრამ სევილიის „ბეტისში“ გაანათხოვრა, სადაც გასულ სეზონში 38 მატჩში 2 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა. მიმდინარე ზაფხულს ის „ბარსას“ დაუბრუნდა და ლა ლიგაში 3 თამაში ჩაატარა.