გერმანიის ბუნდესლიგის 2021-2022 წლების სეზონი დაიწყო და როგორც წესი, ახლაც გახსნით მატჩში მოქმედმა ჩემპიონმა ითამაშა. მიუნხენის „ბაიერნი“ „გლადბახს“ ესტუმრა და ეს მატჩი გამორჩეული გახლდათ.
გამორჩეული იმით, რომ გერმანიაში სტადიონზე გულშემატკივარი დაბრუნდა! ეს ცხადია, ძალზე პოზიტიური სიახლეა და თამაშსაც დაეტყო. ჩინებული მატჩი გამოდგა და ორივე გუნდმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნა.
დასაწყისი „გლადბახის“ იყო, რომელიც ძალიან აგრესიულად თამაშობდა და „ბაიერნს“ პრობლემები შეექმნა. მეათე წუთზე ანგარიში რომ გაიხსნა ლოგიკური იყო. სეზონის პირველი გოლი ალესან პლეამ გაიტანა, რომელიც მანუელ ნოიერის პირისპირ დარჩა და ზუსტად დარტყმა მოახერხა.
გოლის შემდეგ უპირატესობას უკვე „ბაიერნი“ დაეუფლა და რამდენჯერმე ახლოს იყო გოლთან, მიზანს კი ტაიმის ბოლოს მიაღწია. ვინ თუ არა, რობერტ ლევანდოვსკი! პოლონელმა 42-ე წუთზე გაათანაბრა და ტაიმი 1:1 დასრულდა.
მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა, არადა ორივეს შეეძლო გატანა, მაგრამ ნოიერი და იან ზომერი შესანიშნავად მოქმედებდნენ. ამრიგად, ბუნდესლიგის ახალი სეზონი იულიან ნაგელსმანის „ბაიერნმა“ ქულით დაიწყო, ახალგაზრდა სპეციალისტმა კი „რეკორდმაისტერში“ სადებიუტო თამაში ვერ მოიგო.
„გლადბახი“ – „ბაიერნი“ 1:1 (1:1)
გოლები: 1:0 პლეა (10), 1:1 ლევანდოვსკი (42)