ბლოგი

18:12 | 24.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

უცნაური ოლიმპიადა

ჩვენგან არ გესწავლებათ რომ იაპონელები ძალიან მაგარი ხალხია. შესაბამისად, არავის გაგვკვირვებია, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა და ათასგვარი შტამ-ოხრობებისა, იაპონელებმა მაინც მოახერხეს ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადის გამართვა. ისიც გვჯერა, რომ ერთი წლის დაგვიანებით გამართულ ოლიმპიადაზე სპორტსმენები განსაკუთრებული მიტივაციით იქნებიან. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ეს მაინც არ და ვერ იქნება ის, რასაც ოთხ წელიწადში ერთხელ სპორტის მოყვარულები ესოდენ დიდი იმედითა და ხელების ფშვნეტით ელიან.

დავიწყოთ იმით, რომ მაყურებლების, სტვენის, ყვირილისა და დიდი ემოციების გარეშე ოლიმპიადა ჰგავს ხალხმრავლობის მოძულე უჟმურ კაცს, რომელსაც ცხოვრების მთავარ მიზნად საკუთარ თავთან “ბრძოლა და გამარჯვება“ მიაჩნია. ამას გარდა, ოლიმპიადის თანმდევი ბედნიერებაა გამარჯვებული სპორტსმენების ზეიმი, რომლის გარეშეც აქამდე ოლიმპიადა უბრალოდ ვერ წარმოგვედგინა. ახალი რეგულაციებით სპორტსმენები გამოსვლის შემდეგ გამარჯვებისა თუ მარცხის შემთხვევაში მსწრაფლივ ჯდებიან თვითმფრინავში და უკან სამშობლოში მიფრინავენ.

გამარჯვებულებს არ მიიწვევენ ადგილობრივ თუ უცხოურ სპორტულ გადაცემებში, ჟურნალისტები მოერიდებიან სპორტსმენებთან პირდაპირ კონტაქტს, დარბაზებიდან, სტადიონებიდან თუ არენებიდან გამოსულ სპორტსმენებს ვერ დახვდებიან ავტოგრაფებზე მონადირე მათი გულშემატკივრები და მოტრფიალე გოგონათა რაზმები. სპორტსმენები ვერ დამეგობრდებიან სხვა ქვეყნის სპორტსმენებთან და ეს პროცესი დაემსგავსება საპატიმროში გამართულ სპორტულ ღონისძიებას, როდესაც საბოლოო ჯამში ყველანი ისევ საკნებს და ცხოვრების რუტინულ წესს უბრუნდებიან.

მიუხედავად ყველაფრისა, ვისთვისაც სპორტი ყოველგვარ ციფრებზე, სტატისტიკაზე და არითმეტიკაზე მეტია, მაინც დიდი იმედით ველით ოლიმპიადას. განსაკუთრებით დიდი მოლოდინია საქართველოსთანა პატარა ქვეყნებში, რომელთათვის ოლიმპიადის მსგავსი დიდი სპორტული ტურნირები ის იშვიათი შესაძლებლობაა, როდესაც ქვეყანას შანსი ეძლევა მსოფლიოს წინაშე სათანადოდ წარმოჩინდეს და დამტკიცდეს, რომ მოსახლეობის სიმცირის ან ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, შეგიძლია იყო თანასწორი თანასწორთა შორის და უფრო მეტიც - აჯობო ბევრად დიდ და წარმატებულ ქვეყნებს. საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ეს არაერთხელ დაუმტკიცებია და რა გასაკვირია, რომ ახლაც გვაქვს ამის დიდი იმედი.

ამ ბოლო დღეებში ძალიან ბევრ ვარაუდსა და მსჯელობას გავეცანი იმასთან დაკავშირებით რეალურად რამდენი და რა სინჯის მედლის მოპოვება შეუძლიათ ჩვენს ოლიმპიელებს. რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესოა, შესრულდება თუ არა ჩვენი ოლიმპიური კომიტეტის დანაქადნები და გამოვალთ თუ არა წინა ოლიმპიადაზე უკეთ. არ და ვერ შევალ ამ მსჯელობაში, რადგან პროგნოზების კეთება უმადურ საქმედ მიმაჩნია. ისე კი, ქართული სპორტის მრავალი ქომაგის მსგავსად მეც მჯერა, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზეც შევძლებთ არაერთი მედლის აღებას და იმედია, ეს მედლები ყვითელი შეფერილობის იქნება.

0.12088