ქართველი სუმოისტი რომ ცუდ ფორმაშია, ამას უკვე ბოლო ბაშოები კარგად მეტყველებს. ტოჩინოშინმა ზაფხულის სუპერტურნირზე კიდევ ერთი მარცხი განიცადა. ლევანი ტურნირის მე-9 დღეს მე-14 მაეგაშირა ჩიიონოს შეხვდა და მის წინააღმდეგ ვერაფერს გახდა.
ორთაბრძოლის დაწყებისთანავე ტოჩიმ მცირე უპირატესობა მოიპოვა, მეტოქე დოჰიოს კუთხისკენ დაძრა, თუმცა, შედარებით მცირეწონოსანმა იაპონელმა თავის დაცვა კარგად შეძლო და საბოლოოდ დოჰიოს მიღმა ჩვენებური აღმოჩნდა.
ეს წყვილის პირველი დაპირისპირება იყო და ქართველ გოლიათთან ჩიიონომ ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალანსი თავის სასარგებლოდ გახსნა.
ტოჩინოშინს ივლისის ბაშოზე 6 მარცხის საწინააღმდეგოდ მხოლოდ 3 მოგება აქვს და დადებით ბალანსამდე დარჩენილი 6 ორთაბრძოლიდან, მინიმუმ ხუთში გამარჯვება მართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ რეიტინგში დაქვეითება ელის.
გორგაძის მომდევნო მეტოქე მისთვის კარგად ნაცნობი იშიურა იქნება. რანგით მე-16 მაეგაშირასთან ლევანს აქამდე ჩატარებული 6 ორთაბრძოლიდან 4 მოგებული აქვს, 2-ჯერ კი თავად დამარცხდა. თავის მხრივ ხვალინდელ მეტოქეს მიმდინარე ტურნირზე დადებითი ბალანსი 6:3-ზე აქვს.