პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ უნგრეთთან (3:0) დუბლის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ადვილი თამაში არ არსებობს.
„უნდა იცოდე, როგორ იტანჯო, იბრძოლო ბოლომდე და ყოველთვის მთელი ძალით გწამდეს. აქ არ არსებობს იოლი მეტოქეები ან მოგებული მატჩები. ევროპის ჩემპიონატი ფუფუნების ეტაპია, სადაც მხოლოდ საუკეთესოებს შორის საუკეთესოები თამაშობენ და სადაც ყველა გამარჯვება თავგანწირვით და მონდომებით უნდა მოიპოვო. ჩვენ წინ მივდივართ, რომ პორტუგალიელები გავახაროთ, რომლებიც ასე გვეხმარებიან“, - დაწერა რონალდუმ სოციალურ ქსელში.
მან კომენტარი მატჩის შემდეგაც გააკეთა, რომელსაც უეფას ვებგვერდი ციტირებს: „მთავარია, რომ მოვიგეთ. რთული თამაში იყო მეტოქესთან, რომელიც თავს კარგად იცავდა, თუმცა 3 გოლი მაინც გავიტანეთ და გუნდის მადლიერი ვარ, რომ 2 გოლის გატანაში დამეხმარა. გვჭირდებოდა კარგი დასაწყისი თავდაჯერებისთვის და ახლა აუცილებელია ასე გავაგრძელოთ და მომდევნო მატჩი მოვიგოთ“, - თქვა რონალდუმ.
შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუ ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა (11 გოლით), გარდა ამისა, პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ხუთ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და გოლიც გაიტანა.