ფეხბურთი

21:49 | 15.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

სავსე სტადიონი და პორტუგალიის 6-წუთიანი შოუ ბუდაპეშტში

პორტუგალიის ნაკრებმა ევრო 2020 გამარჯვებით დაიწყო. დამაჯერებლი გამარჯვებით, მაგრამ მძიმე ბრძოლაში. F ჯგუფის პირველ ტურში ევროპის ჩემპიონი ბუდაპეშტში უნგრეთს ესტუმრა, გადაჭედილ „პუშკაშ არენაზე“! სტადიონი პირთამდე სავსე იყო, რადგან უნგრეთში შეზღუდვები არ მოქმედებს.

ვარსკლავურ პორტუგალიასთან უნგრეთი აუტსაიდერი იყო და მთელი თამაში დაცვაში გაატარა. პირველ ტაიმში კრიშტიანუ რონალდუმ ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა, როცა ხელს არავინ უშლიდა და გოლიც გარდაუვალი ჩანდა.

ზოგადად, უნგრეთის ნაკრები პორტუგალიელთა შეტევებს 84-ე წუთამდე უმკლავდებოდა და ახლოს იყო ძალზე მნიშვნელოვან და ფასეულ ქულასთან, მაგრამ ბოლოს გატყდა და თან როგორ - 0:3 წააგო.

მატჩის ბოლო 6 წუთში ფერნანდუ სანტუშის გუნდმა სამჯერ გაიტანა. გარდამტეხი რაფაელ გერეიროს გოლი იყო, რომელმაც ანგარიში გახსნა, ხოლო შემდეგ რაფა სილვამ პენალტი მოიპოვა და კრიშტიანუ რონალდუს შანსი ხელიდან არ გაუშვია. პორტუგალიელმა შემტევმა ბოლოს დუბლიც შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

კრიშტიანუ რონალდუმ მეხუთე ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და ისტორიაში პირველია, ვინც ეს გააკეთა. ხუთივე ევროზე მას უკვე გოლი აქვს გატანილი და საერთოდ, 2004 წლიდან ყველა დიდ ფორუმზე გაიტანა! მას ევროპის ჩემპიონატზე 11 გოლი დაუგროვდა და ტურნირის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, შესრულებული დუბლით გადაასწრო რა, მიშელ პლატინის.

პორტუგალიამ კი დაამტკიცა, რომ ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია და თამაში თუ წაუვიდა, ძნელად ვინმემ გააჩეროს. ამავე ჯგუფში დღეს მეორე მატჩი გაიმართება და პირველი ტური დასრულდება: მიუნხენში გერმანია საფრანგეთს უმასპინძლებს.

უნგრეთი - პორტუგალია 0:3 (0:0)

ბუდაპეშტი, „პუშკაშ არენა“

უნგრეთი (3-5-2): გულაშჩი; ბოტკა, ორბანი, ატ. შალაი, ლოვრენშიში, კლეინშტეირი (სიგერი 78), ნადი, შაფერი (ნეგო 65), ფიორა (ვარგა 89); ად. შალაი, სალაი (შონი 77)

მწვრთნელი: მარკო როსი

პორტუგალია (4-3-3): რუი პატრისიუ; სემედუ, დიაში, პეპე, გერეირო; დანილო, კარვალიო (სანჩესი 81), ბრუნო ფერნანდეში (მოუტინიო 89); რონალდუ, ჟოტა (ანდრე სილვა 81), ბერნარდო სილვა (რაფა სილვა 71)

მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში

გოლები: 0:1 გერეირო (84), 0:2 რონალდუ (87, პენ), 0:3 რონალდუ (90)

გაფრთხილება: ორბანი (86) - დიაში (38)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (3) – 11 (7) ბურთის ფლობა: 35%-65% კუთხურები: 0:6 თამაშგარე: 2:1

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია)

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

0.211875