საფრანგეთის ღია პირველობა ჩეხმა ბარბორა კრეიჩიკოვამ მოიგო. ფინალში მან რუს ანასტასია პავლიუჩენკოვას 6-1, 2-6, 6-4 მოუგო და კარიერაში პირველად გახდა დიდი სლემის ტურნირის ჩემპიონი.
კრეიჩიკოვა 25 წლისა და წყვილებში ყოფილი პირველი ჩოგანია. ჰანა მანდლიკოვას შემდეგ, ის პირველი ჩეხი ჩოგბურთელია, ვინც სიუზან ლენგლენის თასი შემართა. მანდლიკოვან როლან გაროსზე 1981 წელს გაიმარჯვა.
კრეიჩიკოვა საფრანგეთის შარშანდელი ღიას წინ, რეიტინგში ასეულს მიღმა იყო. მაგრამ ტურნირზე, რომელიც პანდემიის გამო, მაისის ნაცვლად, სექტემბერში ჩატარდა, მეოთხე წრეს მიაღწია. ამან ერთეულებში მისი კარიერა შეცვალა.
ახალი სეზონისთვის, კრეიჩიკოვა უკეთ მოემზადა და WTA-ს პირველი ტიტული როლან გაროსის წინ, სტრასბურში მოიგო. დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, მის მიერ ზედიზედ მოგებული შეხვედრების რიცხვი 12-მდე გაიზარდა.
„ახლა ძალიან მიჭირს სიტყვების გადაბმა. არ მჯერა, რაც ახლახანს მოხდა. არ მჯერა, რომ დიდი სლემი მოვიგე“, - განაცხადა კრეიჩიკოვამ, ვინც ტურნირის დაწყებამდე, რეიტინგში 33-ე ადგილზე იყო, განახლებულ რეიტინგში კი მე-15 ადგილზე გადაინაცვლებს.
ჩეხ ჩოგბურთელს მიმდინარე როლან გაროსზე საქმე ჯერ არ დაუმთავრებია. კვირას ის თანამემამულე კატერინა სინიაკოვასთან ერთად, წყვილებში ტიტულისთვის იბრძოლებს. ეს ტიტული მათ 2018 წელს აქვთ მოპოვებული.
შეხვედრა იმით დაიწყო, რომ პავლიუჩენკოვამ პირველივე გეიმში მიაღწია ბრეიკს. მაგრამ სულ ეს იყო, რაც მან საწყის გეიმში შეძლო. კრეიჩიკოვამ იქვე ბრეიკით უპასუხა და ამას კიდევ ზედიზედ ხუთი გეიმის მოგება მოაყოლა.
მეორე სეტში პავლიუჩენკოვა უკეთ ათამაშდა და მალე 5-1 დაწინაურდა. მეშვიდე გეიმში ჩეხმა შეძლო ბრეიკის აღება, რის შემდეგაც რუსმა სამედიცინო დახმარება ითხოვა. კორტზე დაბრუნებულმა კი მეტოქის მოწოდებაზე გეიმი მოიგო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
გადამწყვეტ სეტში ორივემ თამაშის ხარისხი გააუმჯობესა. დასაწყისში მათ ბრეიკები გაცვალეს, მეშვიდე გეიმში კი კრეიჩიკოვამ კიდევ ერთხელ შეძლო მეტოქის მოწოდებაზე გეიმის მოგება და 4-3 დაწინაურდა.
მეცხრე გეიმში კრეიჩიკოვამ ორი მატჩ პოინტი ვერ გამოიყენა და ერთიც მეათეში გაანიავა. მაგრამ შემდეგ პავლიუჩენკოვამ ბურთი კორტს გადააცილა და შეხვედრაც ამით დასრულდა.