გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა, ფრიც კელერმა, თანამდებობა სკანდალურად დატოვა. ყველაფერი კი კავშირის პრეზიდიუმის 23 აპრილის სხდომას მოჰყვა.
სხდომაზე კელერმა თავისი მოადგილე, რაინერ კოხი, რომელიც ადრე მსაჯი იყო, ნაცისტების მოსამართლეს, როლანდ ფრეისლერს შეადარა. ინციდენტის შემდეგ კელერმა რამდენჯერმე მოიხადა ბოდიში, მაგრამ სკანდალის ჩაფარცხვა ვერ მოხერხდა, კოხმა ბოდიში არ მიიღო - წერს Deutsche Welle.
64 წლის კელერის შემცვლელის ვინაობას კავშირის საგანგებო ყრილობაზე შევიტყობთ. მანამდე კი ორგანიზაციას კოხი და პეტერ პეტერსი უხელმძღვანელებენ.
ნაცისტმა მოსამართლემ, ფრეისლერმა, მესამე რაიხის დროს რამდენიმე ათას ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ასევე მონაწილეობდა კონფერენციაში, რომელმაც ჰოლოკოსტის გადაწყვეტილება მიიღო.