ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნება სურს. აღნიშნულ ინფორმაციას Gazzetta Dello Sport-ი ავრცელებს.
გავლენიანი იტალიური გამოცემის ცნობით, 36 წლის პორტუგალიელი მზადაა ხელფასის შემცირებაზე, რათა „წითელი ეშმაკების“ ბანაკში გადავიდეს. რონალდუ „იუვენტუსში“ სეზონში 31 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და მზადაა „მანჩესტერში“ 20 მილიონ ევროდ ითამაშოს.
რონალდუს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და შესაძლოა მისი გასხვისება ტურინელებისთვისაც მისაღები იყოს, რათა გაისად თავისუფალი აგენტის სტატუსით არ დაკარგონ. გარდა ამისა, „იუვე“ სახელფასო ბიუჯეტს გამოათავისუფლებდა და ამასთან, შესაძლოა ტრანსფერში პოლ პოგბას ჩართვაც მოითხოვოს, რომლის მიმართ ინტერესს დიდი ხანია იჩენს.
კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერში“ 2003-2009 წლებში თამაშობდა და ინგლისური გრანდის მაისურით ჩატარებულ 292 მატჩში 118 გოლი გაიტანა, „იუვენტუსში“ კი 2018 წლიდან 127 თამაშში მეტოქეთა კარი 97-ჯერ დალაშქრა.