ფეხბურთი

16:29 | 8.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორია: "ძალიან მინდოდა პაოკ-ში გადასვლა, მაგრამ არ გამოვიდა"

საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარემ გიორგი ლორიამ ბერძნულ რადიო Metropolos 95.5-ს ინტერვიუ მისცა. გამოცდილმა ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ რამდენიმე წლის წინ სალონიკის პაოკ-ში ტრანსფერთან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო მომენტში შეთანხმდება არ შედგა და გული ძალიან დაწყდა.

გარდა ამისა, ლორიამ ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიკა ნინუას შესახებ ისაუბრა, რომელიც პაოკ-ის წევრია, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა შეზღუდული აქვს:

„ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე ყველა ესპანეთზე საუბრობდა, შემდეგ შვედეთსა და საბერძნეთზე. არავის ეგონა, რომ ასეთ კარგ დონეზე ვითამაშებდით და ჩვენი თამაში შთამბეჭდავი იქნებოდა. შვედეთთან და ესპანეთთან ჩვენ მხოლოდ თავს არ ვიცავდით, ვცდილობდით ფეხბურთის თამაშს და საგოლე მომენტების შექმნას. იგივე გავაკეთეთ საბერძნეთთანაც.

კვარაცხელია? მას წარმოუდგენელი ხარისხი აქვს. ის ფანტასტიკური ფეხბურთელია და სწორედ ამიტომ არის დიდი გუნდების დაკვირვების ქვეშ. ის მალე გადავა დიდ გუნდში და ბრწყინვალე კარიერა ექნება.

ნინუა? ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, ჯარიმებს თერთმეტმეტრიანებივით ურტყამს. ვფიქრობ, იპოვის პაოკ-ში თავის სათამაშო დოს, მას სჭირდება გუნდთან შეგუება და წარმატებებს ვუსურვებ.

პაოკ-ში გადასვლასთან ახლოს მეც ვიყავი. ვისაუბრეთ, მაგრამ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ძალიან მინდოდა პაოკ-ში მეთამაშა, 2014 ან 2015 წელი იყო, როდესაც „ოფი“ დავტოვე, სალონიკიში მოლაპარაკებებზე წავედი. ახლოს ვიყავით, მაგრამ სამწუხაროდ შეთანხმება არ შედგა. არ მახსოვს ვის ვესაუბრე, სპორტულ დირექტორს ან პრეზიდენტს, არ მინდა, ვინმეს სახელი შეცდომით დავასახელო“, - თქვა ლორიამ.

შეგახსენებთ, გიორგი ლორიას საქართველოში „დინამო თბილისში“, ხოლო უცხოეთში ბერძნულ „ოფიში“, რუსულ „კრილია სოვეტოვსა“ და „ანჟიში“ და გერმანულ „მაგდებურგში“ უთამაშია.

0.114975