უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში სტარტი აიღო ჭიდაობაში ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირმა. პირველ საშეჯიბრო დღეს ხალიჩაძე თავისუფალ ჭიდაობაში ოთხი ქართველი გავიდა და ლიცენზია ერთმა მათგანმა მოიპოვა.
74 კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ კენჭაძემ შესანიშნავად იჭიდავა და ფინალში გავიდა, რაც ავტომატურად ლიცენზიის ტოლფასია. კენჭაძემ თავდაპირველად უკრაინელ დენის პავლოს აჯობა ადვილად (14:4), შემდეგ სომეხი ჰრაირ ალიხანიანი 10:2 დაამარცხა, მერე ბერძენ გეორგიოს კუგიუმციდისს სძლია (14:9), ნახევარფინალში კი ბულგარელ ალი პაშა უმარპაშაევს მოუგო და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. სხვათა შორის, ქართველი 0:6 მარცხდებოდა, მაგრამ ზედიზედ 2-2 ქულა მოიპოვა, ანგარიში 4:6 გახადა, ბოლოს მეტოქე შებოჭა და წმინდა გამარჯვება მოიპოვა.
კენჭაძემ ფინალით უკვე მოუტანა 74 კგ წონით კატეგორიას ლიცენზია, ხოლო ფინალში ხვალ აზერბაიჯანელ ხაჯიმურად გაჯიევს გაეჯიბრება, თუმცა, ეს შეხვედრა მაინც ფორმალობაა, რადგან მთავარი მიზანია მიღწეულია და ლიცენზია მოპოვებულია.
65 კგ წონით კატეგორიაში ლადო ხინჩეგაშვილმა უკრაინელი ვასილ შუპტარი (3:1) და ფრანგი ილმან მუხტაროვი (8:2) კი დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში სომეხ ვაზგენ ტევანიანთან 4:6 წააგო და ამ ეტაპზე ლიცენზიის გარეშე დარჩა. ლადო ხვალ რეპეშაჟში გააგრძელებს ბრძოლას.
86 კგ წონით კატეგორიაში სანდრო ამინაშვილმა კარგად დაიწყო და ჯერ პოლონელ სებასტიან იეჟიერჟანსკის აჯობა (4:2), მერე კი სლოვაკ ბორის მაკოევთან 0:6 წააგო და ლიცენზია ვერ მოიპოვა. იგივე გზა გაიარა 57 კგ წონით კატეგორიაში ბექა ბუჯიაშვილმა, რომელმაც მაკედონიელ ვლადიმირ ეგოროვს 10:0 მოუგო, მაგრამ მეოთხედფინალში სომეხ არსენ არუთინიანთან 5:10 დამარცხდა. ბუჯიაშვილი რეპეშაჟში ბელარუს ულადზისლავ ანდრეიეს შეხვდება.
74 კგ წონის გარდა, თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ლიცენზია 97 კგ და 125 კგ წონით კატეგორიაში აქვს მოპოვებული. ტოკიოს საგზურები ჯერ კიდევ გასულ წელს ყაზახეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე შესაბამისად, ელიზბარ ოდიკაძემ და გენო პეტრიაშვილმა მოიპოვეს. ასევე ორი ლიცენზია აქვს საქართველოს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იმავე მსოფლიოს ჩემპიონატზე გიორგი მელიამ (97 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) შეძლეს საგზურების დაბევება.
ხვალ თავისუფალი ჭიდაობის ფინალური სესია გაიმართება, ხოლო 20-21 მარტს ასპარეზობაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან. საქართველოს ნაკრებიდან ხალიჩაზე ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ), რამაზ ზოიძე (67 კგ), გელა ბოლქვაძე (77 კგ) და ლაშა გობაძე (87 კგ).