ფეხბურთი

18:03 | 15.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "ლოკომოტივი" ლიდერებს მიუახლოვდა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის დასკვნით მატჩში თბილისის „ლოკომოტივმა“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 აჯობა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მეტოქეზე უკეთ ირჯებოდა და გამარჯვებაც დაიმსახურა. მატჩის ბედი კი მეორე ტაიმის შუაწელს გადაწყდა, როდესაც 5-წუთიან ინტერვალში თბილისელებმა ორი იდენტური გოლი გაიტანეს.

თავი ჯერ ულად-ომარ იმრანმა გამოიჩინა, მერე ბექა დარცმელიამ. ორივემ შორი დისტანციიდან დაარტყეს და სწორადაც მოიქცნენ. ამ გოლებით „ლოკომოტივმა“ კომფორტული ჰანდიკაპი მიიღო, რომლის შენარჩუნება მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის ბოლოს „შუქურას“ შემტევმა დავით მუჯირმა ერთი გოლი გაქვითა. თუმცა, ეს მხოლოდ პრესტიჟის გოლი იყო, რადგან გიორგი შაშიაშვილის გუნდს თამაშის გადასარჩენად დრო უბრალოდ აღარ ჰქონდა.

„ლოკომოტივი“ 7 ქულით მესამე-მეოთხე პოზიციას „დინამო თბილისთან“ ერთად იყოფს და 3 ქულით ჩამორჩება გორის „დილასა“ და „დინამო ბათუმს“, ხოლო „შუქურა“ 4 ქულით სატურნირო ცხრილის შუაში იმყოფება. თბილისელები მომდევნო მატჩს „სამტრედიასთან“, ქობულეთელები კი „სამგურალთან“ ჩაატარებენ.

„ლოკომოტივი“ – „შუქურა“ 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 იმრანი (59), 2:0 დარცმელია (64), 2:1 მუჯირი (90)

0.123357