თურქეთის მოქმედი ჩემპიონი „ბაშაკშეჰრი“ შესაძლოა შოთა არველაძემ ჩაიბაროს. როგორც ცნობილი თურქული გამოცემა Fanatik-ი იტყობინება, ქართველი სპეციალისტი ორიდან ერთ-ერთი კანდიდატია.
„ბაშაკშეჰირი“ ცოტა ხნის წინ ოკან ბურუკმა დატოვა, რომელმაც გასულ სეზონში გუნდის ისტორიაში პირველად ჩემპიონობა მოაპოვებინა, მაგრამ მიმდინარე სეზონში წარუმატებელი შედეგების გამო გადადგა.
მის სავარაუდო შემცვლელთა შორის ფავორიტი ტაიფუნ კორკუტია, რომელსაც გერმანიის ბუნდესლიგაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვ და სხვადასხვა პერიოდში „ჰანოვერს“, „კაიზერსლაუტერნს“, „ლევერკუზენსა“ და „შტუტგარტს“ ავარჯიშებდა. თუმცა, მეორე კანდიდატად არველაძე მიიჩნევა, რომელიც ამ დროისთვის თავისუფალია.
სხვათა შორის, შოთამ ნიდერლანდულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ თურქეთიდან 2-3 წინადადება აქვს, მაგრამ კლუბები არ დაუკონკრეტებია. ქართველ სპციალისტს ცხადია თურქეთში კარგად იცნობენ, მან იქ 2010-2015 წლებში „ქაისერისპორი“, „ქასიმპაშა“ და „ტრაბზონსპორი“ გაწვრთნა, ბოლოს კი ტაშკენტის „ფახთაქორს“ ხელმძღვანელობდა.
აქვე გეტყვით, რომ თურქეთის მოქმედი ჩემპიონი „ბაშაკშეჰირი“ სუპერლიგაში ძალიან ცუდ სეზონს ატარებს და 20 ტურის შემდეგ 24 ქულით მხოლოდ მე-15 ადგილზეა. სტამბოლურმა გუნდმა მიმდინარე სეზონში ისტორიაში პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც სიკვდილის ჯგუფში „მანჩესტერთან“, პსჟ-სთან და „ლაიფციგთან“ კონკურენციაში ბოლო ადგილი დაიკავა.