ჩოგბურთი

22:36 | 29.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი ფედერერსა და ჯოკოვიჩზე: "ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ, რათა უკეთესები ვიყოთ"

მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი ATP-ის თასისთვის ემზადება და CNN-მა ესპანელთა ინტერვიუ ჩაწერა. დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულმა პანდემიაზე, "დიდ სამეულზე", თავის მოტივაციაზე და კარიერისშემდგომ პერიოდზე ისაუბრა.

რაფაელმა აღნიშნა, რომ პანდემიამ მსოფლიოს და ჩოგბურთს დიდი ზიანი მიაყენა, თუმცა ავსტრალიის ჩოგბურთის ფედერაციამ ძალისხმევა არ დაიშურა ტურნირების ჩასატარებლად, რაც დასაფასებელია.

"მსოფლიო განსაცდელშია და წუწუნის დრო არაა. მხოლოდ მადლობა უნდა ვუთხრათ ავსტრალიის ჩოგბურთის ფედერაციას, ავსტრალიელ ხალხს, რათა მიგვიღეს, იმ მძიმე შეზღუდვების ფონზე, რომელიც ქვეყანაშია. ჩოგბურთელებისთვის კი კარგია ასეთი მიღება, რადგან თამაშის საშუალება გვეძლევა." - ციტირებს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ვებგვერდი ესპანელის სიტყვებს.

მალიორკელმა ასევე აღნიშნა, რომ პანდემიამ ესპანეთს დიდი დარტყმა მიაყენა, ხალხს ახლობელი ადამიანები დაეღუპნენ, ისე რომ გამომშვიდობებაც კი ვერ მოასწრეს. ნადალი მიიჩნევს, რომ ჩოგბურთელები ამ პერიოდისთვის იღბლიანები და პრივილეგირებულები არიან, რადგან შანსი აქვთ თავიანთი საქმე გააკეთონ.

ნადალს მის მოწინააღმდეგეებზეც დაუსვეს კითხვა. ესპანელმა აღნიშნა, რომ მისი მიზანი ფედერერთან რეკორდებზე ჭიდილი არაა.

"რეკორდები არაა მნიშვნელოვანი, კონკურენტი ვარ, მაგრამ არ ვარ "შეპყრობილი" იმ იდეით, რომ საუკეთესო ვარ. საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში იმაზე მეტი გავაკეთე, რაც კი მიოცნებია. გასაოცარი იქნება თუ კიდევ გავიმარჯვებ და კარიერის დასრულების შემდეგ ყველაზე მეტი დიდი სლემის ტურნირი მექნება მოგებული, მაგრამ ეს არ იქნება ჩემი ბედნიერების საბაბი მომავალში. ამაზე არ ვარ "ჩაციკლული"."

ნადალმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი როჯერ ფედერერსა და ნოვაკ ჯოკოვიჩთან კარგ ურთიერთობას, რომლებმაც ესპანელს მოტივაცია აუმაღლეს. "ჩვენ ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი რამ გავაკეთეთ ჩოგბურთისთვის," აღნიშნა რაფამ. "ჩვენ ერთმანეთს ვუბიძგებდით, რათა საუკეთესოები ვყოფილიყავით. როდესაც სხვა შენ გარშემო უფრო კარგად აკეთებს საქმეს ვიდრე შენ, ეს გაჩვენებს, რომ უნდა განვითარდე, რათა მიზანს მიაღწიო."

ესპანელმა ჩოგბურთელმა ჯერჯერობით არ იცის, როდის დაასრულებს კარიერას, თუმცა დანამდვილებით იცის, რომ უფრო მეტ დროს დაუთმობს მის ფონდს და საჩოგბურთო აკადემიას. ნადალმა ასევე აღნიშნა, რომ მას და მის ცოლს სურთ ბავშვები ყავდეთ და ეს ეტაპიც დადგება მათ ცხოვრებაში.

ინტერვიუს ჩაწერის პერიოდში ნადალს ყურადღება გაუმახვილეს იმ რიტუალზე, რომელსაც კორტზე ატარებს, საუბარია ბოთლების ჩამწკრივებაზე. ნადამა აღნიშნა, რომ ეს მეთოდი მას კონცენტრაციაში ეხმარება.

"რიგ შემთხვევებში ეს სულელური ჩვევაა, თუმცა მეორეს მხრივ, ამას ვარჯიშებსა და ნორმალური ცხოვრების პერიოდის დროს არ ვაკეთებ... ამას ვარჯიშების და მატჩების გასამიჯნად ვაკეთებ. როდესაც ამ რუტინაში ვარ, თავს 100 პროცენტით ფოკუსირებულად ვგრძნობ. ეს რუტინა მეხმარება, რათა ჩემ საქმეზე ბოლომდე მობილიზირებული ვიყო."

ნადალმა ადელაიდაში პირველი საგამოფენო მატჩი დომინიკ თიმთან ჩაატარა და 7:5, 6:4 დაამარცხა. რაფა ATP-ის თასს მოუთმენლად ელოდება, ხოლო ავსტრალიის ღია პირველობაზე გამარჯვების მოლოდინშია.

"მომწონს რასაც ვაკეთებ და მომწონს ტურნირებში მონაწილეობა. ვიცი, რომ ეს სამუდამოდ ვერ გაგრძელდება, რადგან 34 წლის ვარ და კარიერის ბოლო პერიოდი მაქვს... ძალიან იღბლიანი ვარ აქ ყოფნით და გავაგრძელებ ჩემს თავზე მუშაობას."

0.123255